საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

საქართველო - საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018

როდესაც 1861 წელს სამშობლოსთან დიდი ხნის განშორების შემდეგ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე სამშობლოში ბრუნდებოდა, თავის ერთ-ერთ საეტაპო ნაწარმოებში „მგზავრის წერილები“ ასეთ ფიქრი გაახმოვანა: „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე“.

საქართველოს, რომელმაც დამოუკიდებლობის ისტორიის ათვლა მხოლოდ 26 წლის წინ დაიწყო, დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი საგამომცემლო საქმიანობა კი ჩვენში 20 წელზე ოდნავ მეტს ითვლის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარობა ჩვენი ქვეყნისთვის სწორად ასეთ კითხვად ფორმულირდება: რამდენად შეძლებს პატარა, მაგრამ ლიტერატურულად თუ ზოგადად კულტურული თვალსაზრისით ძალიან მდიდარი ქვეყანა ღირსეულად დაუბრუნდეს თავის ევროპულ ფესვებს და როგორ შეეგებება ევროპა საქართველოს? რითი მოიწონებს თავს მთელი მსოფლიოს წინაშე? რით იქნება ის უნიკალური? რა იქნება ის შესაძლებლობები, რომელიც აქამდე არ ჰქონია და 2018 წლის შემდეგ გაუჩნდება? შეგვიძლია კი სრულად წარმოვიდგინოთ ჩვენი მიზნის მთელი მასშტაბი და სირთულე და მისი მიღწევით გამოწვეული ბედნიერების განცდა? ამაში გასარკვევად წელიწადზე ოდნავ მეტი დრო გვრჩება, დღეს კი ზუსტად ვიცით, რომ: მას შემდეგ რაც 2013 წლის 27 თებერვალს ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის ისტორიულ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მთელი ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო სამყაროსთვის დროის ათვლა სულ სხვანაირად დაიწყო.

2018 წლის ოქტომბერს გამომცემლები, ავტორები, ლიტერატურული აგენტები და მკითხველები განსაკუთრებული ინტერესით ელიან. Frankfurter Buchmesse 2018 კიდევ უფრო ამაღელვებელია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ამ პროექტის ორგანიზებაში არიან ჩართული. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ისტორიული ღონისძიების ორგანიზატორი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთავარი პარტნიორია ამ პროექტის ფარგლებში და რაც უფრო ახლოვდება საქართველოს მიერ Frankfurter Buchmesse-ზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით სარგებლობის დრო, მით უფრო აქტიური ხდება ჩვენი ერთობლივი სამზადისი.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უკვე აქტიურად მუშაობს გამომცემლებთან და ავტორებთან, იმისთვის რომ 2018 წელს საქართველოს ეროვნული სტენდი მრავალფეროვანი და მიმზიდველი იყოს ბაზრობის სტუმრებისთვის. 5 დღის განმავლობაში ჩვენი ამოცანა საგამომცემლო სექტორის ისტორიის, განვითარების დინამიკისა და დღევანდელი დღის, ჩვენი ამოცანებისა და გამოწვევების ჩვენება, ქართველი ავტორების წარდგენა და სტუმრების იმაში დარწმუნებაა, რომ საქართველოში მსოფლიოსთვის ღირებული ლიტერატურა იქმნება, რომელიც იმ მკითხველმაც უნდა აირჩიოს, რომლისთვისაც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ენაზე ათასობით წიგნი იწერება, ითარგმნება და გამოიცემა. საქართველოს ეროვნული სტენდის გარდა, ჩვენ ვმუშაობთ, Frankfurter Buchmesse 2018-ზე იმ სივრცეების ვიზუალურ და შინაარსობრივ მომზადებაზეც, რომელიც საშუალებას მოგვცემს გაგაცნოთ ქართული საბავშვო ლიტერატურა, წიგნის დიზაინი, სახელოვნებო წიგნები, თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოში წიგნის სფეროში გამოიყენება და სხვ.

ჩვენ ვემზადებით ჩვენი ცოდნის, გამოცდილებისა და მიღწევების ჩვენებისთვის, Frankfurter Buchmesse-გან კი ახალ ცოდნას, გაფართოებულ თვალსაწიერსა და გაზიარებულ შთაბეჭდილებებს ველით. შევხვდებით Frankfurter Buchmesse 2018-ზე!

ფოტო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები