საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

წესდება

წესდება

 

მუხლი 1

ზოგადი დებულებანი

1.1.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" რეგისტრირებულია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონელი სასამართლოს მიერ 31/12/1998 წ., რეგისტრაციის №5/9-98, ს/კ 202910252.

1.2.  ასოციაციის სრული სახელწოდებაა - ა(ა)იპ "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" (შემდგომში - "ასოციაცია").

1.3.  ასოციაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, მომქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

1.4.  ასოციაცია წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკევებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საქართველოს და საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში.

1.5.  ასოციაცია უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში.

1.6.  ასოციაციას აქვს ბეჭედი და ყველა საჭირო რეკვიზიტი.

1.7.  ასოციაციიის იურიდიული მისამართია:

-      საქართველო, თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.

1.8.  ასოციაციის ფაქტიური მისამართია: 

–      საქართველო, თბილისი, კერესელიძის I შეს. №12.

1.9.  ასოციაციიის ელექტრონული მისამართია:

-      dir@gpba.ge; info@gpba.ge

 

მუხლი 2

მიზნები

2.1. ასოციაციის მიზნებია:

ა)     წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საერთო ინტერესების გამოხატვა და დაცვა თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით;

ბ)     გამოცემის თავისუფლების დაცვა;

გ)     საავტორო უფლებების დაცვა;

დ)   პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება;

ე)     წიგნის სექტორის, როგორც დარგის წარმომადგენლობა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით;

ვ)     წიგნის სფეროში დარგის განვითარებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფის ხელშეწყობა;

ზ)    ეროვნული და საერთაშორისო წიგნის ბაზრობების, ფესტივალების, წიგნისა და საავტორო უფლებათა დღის, წიგნთან დაკავშირებული სხვა პროფესიული ღონისძიებების ორგანიზება/პროპაგანდირება და მათში ქართველ გამომცემელთა თუ გამავრცელებელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.

 

მუხლი 3

საქმიანობის ფორმები

3.1.  საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

ა)     ლობირებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საგამომცემლო და მომიჯნავე სფეროების საქმიანობის მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტებთან;

ბ)     თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;

გ)     ეწევა საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას სასწავლო დაწესებულებებსა და სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორში; აწყობს სემინარებსა და კონფერენციებს, ახორციელებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სხვა აქტივობებს ასოციაციის მიზნების შესაბამისად.

დ)   ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

 

მუხლი 4

წევრობა

4.1.  ასოციაციის ნამდვილი და ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირი/ ინდივიდუალური მეწარმე, რომლის საქმიანობა არის საგამომცემლო საქმიანობა ან/და წიგნით ვაჭრობა, რომელიც ეთანხმება ასოციაციის წესდებას და აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებს:

4.1.1. გამომცემლის შემთხვევაში:

ა)  ეწევა საგამომცემლო საქმიანობას და მის მიერ გამოცემულ პროდუქციას მინიჭებული აქვს ISBN-ი;

ბ)   ხელს აწერს პროფესიული ეთიკის კოდექს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და იცავს მას;    

4.1.2 წიგნით მოვაჭრის შემთხვევაში:

გ)    არის წიგნით მოვაჭრე;

დ)   ხელს აწერს პროფესიული ეთიკის კოდექს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და იცავს მას;   

4.2   წევრს ასოციაციაში წარადგენს უფლებამოსილი პირი.

4.3   წევრობის კატეგორიებია:

•       ნამდვილი წევრი – წევრი, რომელიც იხდის საწევრო გადასახადს და სარგებლობს ხმის უფლებით;

•       ასოცირებული წევრი – წევრი, რომელიც არ იხდის საწევრო გადასახადს და არ სარგებლობს ხმისა და, შესაბამისად, მმართველ ორგანოებში არჩევის უფლებით, თუმცა სარგებლობს მისთვის განსაზღვრული სხვა უფლებებით.

4.4.  ასოციაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, რა ტიპის წევრობა სურს მას – ნამდვილი თუ ასოცირებული. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან პირველივე გამგეობის სხდომაზე. გამგეობა ადგენს პირის წევრად მიღების წესს და ადგენს განცხადების ფორმას.

4.5. ასოცირებულმა წევრმა, ნამდვილ წევრად გახდომის სურვილის შემთხვევაში, განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციას 4.4 პუნქტის შესაბამისად, ხოლო თუ მისი როგორც ასოცირებული წევრის სტატუსი განპირობებულია საწევრო გადასახადის გადაუხდელობით წარსულში, განცხადების წარდგენის შემდეგ, გამგეობის თანხმობის შემთხვევაში დავალიანების დაფარვასთან ერთად, დამატებით, წინსწრებით უნდა გადაიხადოს სამი თვის საწევრო გადასახადი მიმდინარე ნორმების შესაბამისად.

4.6.  ასოციაციის ერთი და იგივე სტატუსის მქონე წევრები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.

4.7. ფიზიკური პირი, საქართველოში საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ასოციაციის საქმიანობის აქტიური მხარდაჭერისათვის, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ასოციაციის საპატიო წევრის წოდება. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

4.8. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა)     საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ)    ნამდვილ წევრს – საწევროს არ გადახდის შემთხვევაში, ამ წესდებით დადგენილი პროცედურით;

დ)   საქმიანობის სფეროს შეცვლის შემთხვევაში;

ე)    წევრის ლიკვიდაციის შემთხვევაში.

4.9. საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასევე არღვევს პროფესიული ეთიკის კოდექს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და არ ასრულებს მმართველო ორგანოების გადაწყვეტილებებს.

4.10. ასოციაციის ნამდვილი წევრი საწევროს იხდის კვარტალში ერთხელ; თუ წევრი არ გადაიხდის საწევროს ზედიზედ ორი კვარტალი, მას გამგეობა აძლევს გაფრთხილებას და თუ გაფრთხილებიდან სამი თვის  განმავლობაში საწევრო მაინც არ იქნება გადახდილი მაშინ ორგანიზაციას უწყდება ნამდვილი წევრის სტატუსი და იგი ავტომატურად ხდება ასოცირებული წევრი.

4.11. თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომლის გამოც ნამდვილი წევრი ვერ უზრუნველყოფს საწევრო გადასახადის გადახდას, გამგეობა უფლებამოსილია შეუჩეროს მას ნამდვილი წევრის სტატუსი და საწევრო გადასახადის გადახდის ვალდებულება არა უმეტეს 3 კვარტლისა, თუ პირი ამის შესახებ მიმართავს ასოციაციას. 3 კვარტლის გასვლის შემდეგ პირი ხდება ასოცირებული წევრი. ნამდვილი წევრის სტატუსის შეჩერების პერიოდში პირი სარგებლობს ასოცირებული წევრის უფლებებით.

4.11 ასოციაციის წევრთა (როგორც ნამდვილი, ასევე ასოცირებულის) სია ქვეყნდება ასოციაციის ვებ-გვერდზე, ხოლო ინფორმაცია ექვემდებარება განახლებას ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ.

 

მუხლი 5

წევრთა უფლება-მოვალეობანი

5.1 ასოციაციის ნამდვილ წევრს უფლება აქვს:

ა)   მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;

ბ)   აირჩიოს და უფლებამოსილი პირის სახით არჩეულ იქნას ასოციაციის მმართველობის ორგანოებში;

გ)   კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამებში;

დ) ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;

ე)   მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

ვ)   ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ზ)  ისარგებლოს შეღავათებით ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.

5.2 ასოციაციის ასოცირებულ წევრს უფლება აქვს:

ა)   მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში ხმის უფლების გარეშე;

ბ)   კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამებში;

გ)   მიიღოს ზოგადი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

დ) ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ე)  ისარგებლოს შეღავათებით ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.

5.2 ასოციაციის წევრი მოვალეა:

ა)   დაიცვას ასოციაციის წესდება, პროფესიული ეთიკის კოდექსი, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ)   გაუფრთხილდეს ასოციაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

გ)   შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;

დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ასოციაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;

ე)   გადაიხადოს საწევრო გადასახადი გამგეობის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

მუხლი 6

გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

6.1 ასოციაცია წიგნის გამოცემისა და ვაჭრობის სფეროში ჩართულ სუბიექტთა ბიზნეს ურთიერთობების დასარეგულირებლად ქმნის ეთიკის კოდექსს.

6.2 ეთიკის კოდექსი შესაძლოა იყოს როგორც ზოგადი ასევე კონკრეტული სპეციფიკაციის.

6.3 ეთიკის კოდექსს ამტკიცებს საერთო კრება და იგი ხდება წესდებაზე დართული დოკუმენტი, რომლის შესრულებაც ასოციაციის წევრთათვის  სავალდებულოა.

6.4 ასოციაციის  პროფესიული ეთიკის კომისია შედგება ასოციაციის ხუთი წევრისაგან, რომელთაც სამი წლის ვადით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება.

6.5 პროფესიული ეთიკის კომისიის რეგლამენტი განისაზღვრება ეთიკის კოდექსით და მას ამტკიცებს ასოციაციის საერთო კრება.

6.6 პროფესიული ეთიკის კომისიის წევრი ამავდროულად არ შეიძლება იყოს გამგეობის წევრი.

6.7 პროფესიული ეთიკის კომისიის წევრთა არჩევა ხდება იგივე წესით როგორც გამგეობის არჩევა.

 

მუხლი 7

საერთო კრება

7.1.ასოციაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც ტარდება ყოველი წლის ივნისში, არაუგვიანეს 20 ივნისისა;

7.2.საერთო კრების დღის წესრიგი ასოციაციის წევრებს ეცნობებათ საერთო კრების წინ არაუგვიანეს ორი კვირისა. კრებაზე მონაწილეობის უფლებამოსილ წევრს შეუძლია შეიტანოს დამატება დღის წესრიგში კრების მოწვევამდე 8 დღით ადრე, საკითხის შეტანა კრებაზე განსახილველად გადაწყდება საერთო კრებაზე.

7.3.საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ნამდვილ წევრთა ნახევარზე მეტი. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.

7.4.საერთო კრება:

ა)   დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში.

ბ)   ფარული კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს გამგეობის წევრებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება არჩევნების მეორე ტური, თუ ხმები ხელმეორედ თანაბრად გაიყო-წილისყრა; თუ არჩეული კანდიდატი უარს იტყვის გამგეობის წევრობაზე, მაშინ გამგეობაში არჩეულად ითვლება არჩევნების შედეგად საუკეთესო შედეგის მქონე შემდგომი კანდიდატი;

გ)   ისმენს ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;

დ) დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

ვ)   დამსწრეთა ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის შესახებ;

ზ)  წევრთა ოთხი მეხუთედით იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებას წევრის ასოციაციიდან გარიცხვის შესახებ.

7.5.   რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:

ა)   გამგეობის მოთხოვნით;

ბ)   თავმჯდომარის მოთხოვნით;

გ)  ეთიკის კომისიის მოთხოვნით;

დ)  ასოციაციის წევრთა მეათედის მოთხოვნით.

      და იგი ინიშნება მოთხოვნიდან არაუგვიანეს ოცდაათი კალენდარული დღისა.  წერილობითი მოთხოვნა, რიგგარეშე კრების ჩატარების თხოვნით, ხელმოწერებით დადასტურებული, ბარდება  გამგეობის თავჯდომარეს. წერილობითი მოთხოვნის წარდგენის თარიღი ითვლება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის ვადის ათვლის წერტილად. მოთხოვნის შესვლიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა აღმასრულებელი დირექტორი გეგმავს კრების ჩატარების დროსა და ადგილს და აცნობებს ამის შესახებ ასოციაციის წევრებს.

7.6. საერთო კრებას უძღვება ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც აკეთებს მოხსენებას დღის წესრიგში არსებული საკითხების შესახებ და იძლევა განმარტებას მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის თაობაზე.

7.7. წევრთა მეათედის მოთხოვნის შემთხვევაში კრებას დაესწრება და მის მიმდინარეობას შეადგენს ნოტარიუსი.

7.8 კრება ირჩევს ხმის დამთვლელ კომისიას არა ნაკლებ ორი პირისა.

7.9 კრება განსაზღვრავს კრების მიმდინარეობის სარეგლამენტო და პროცედურულ საკითხებს.

7.10.    ასოციაციის საერთო კრებაზე წევრებს შეუძლით დღის წესრიგში მოითხოვონ განსახილველი საკითხების დამატება.

7.11. საერთო კრების მიმდინარეობის დროს საკითხის დღის წესრიგში შეტანის ინიცირება ხდება არანაკლებ ხუთ წევრიანი ჯგუფის მიერ. ინიცირების შემდეგ ტარდება კენჭისყრა დასმული საკითხის დღის წესრიგში ჩასმის გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

7.12. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ იწყება საკითხთა განხილვა.

7.13. საკითხები განიხილება დღის წესრიგით დადგენილი თანმიმდევრობით, თანმიმდევრობის შეცვლა ხდება კენჭისყრით.

7.14. გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრით თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრეთა  უმრავლესობამ. აღნიშნული მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ საკითხთა გადაწყვეტაზე, რომელთა გადასაწყვეტად არ არის განსაზღვრული სხვა რაოდენობა ასოციაციის წესდებით.

7.15. საერთო კრებაზე ტარდება ღია კენჭისყრა, გარდა ასოციაციის მმართველობით ორგანოებში პირთა არჩევნებისას, ამ დროს კენჭისყრა ფარულია.

7.16. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა სრულად განხილვის შემდეგ კრება იხურება.

 

მუხლი 8

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

8.1.ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის თავმჯდომარე ერთპიროვნულად.

8.2.ასოციაციის სპეციალური წარმომადგენელია აგრეთვე აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის წარმომადგენლობის ფარგლები, აგრეთვე მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით.

8.3.ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და სპეციალური წარმომადგენელი ასოციაციის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად.

 

მუხლი 9

გამგეობა

9.1.ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა შვიდი წევრისაგან შემდგარი ასოციაციის გამგეობა, რომლის წევრებსაც ორი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ორი წევრით. გამგეობის წევრად არ შეიძლება აირჩეს ის პირი, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე.

9.2 გამგეობის სხდომები იმართება ყოველი  თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამგეობის წევრებს და ასოციაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე სამი დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.

9.3.გამგეობა:

ა)   გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს;

ბ)   იწვევს რიგგარეშე საერთო კრებას. კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ერთი კვირით ადრე მაინც აცნობებს ასოციაციის წევრებს;

გ)   ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად აქვეყნებს კრებამდე ორი კვირით ადრე;

დ) იძლევა თანხმობას აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნაზე;

ე)   ფარული კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად მიღების საკითხებს;

ვ)   გამაფრთხილებელი წერილით მიმართავს ასოციაციის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასევე თავს არიდებს საწევროს გადახდას;

ზ)  შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

თ) ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად;

ი)   ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;

კ)   წყვეტს ასოციაციის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;

ლ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შესახებ დებულებას;

მ)   ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ)   ადგენს ასოციაციის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;

ო)  თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

პ)   ირჩევს ასოციაციის ბეჭდვითი ორგანოს სარედაქციო საბჭოს;

ჟ)   იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;

რ)  ფარული კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს ასოციაციის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს;

ს)   აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

ტ)  წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

9.4. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ გამგეობის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თუ რამდენიმე პირს აქვს თანაბარი რაოდენობის ხმა, მაშინ თანაბარი რაოდენობის მქონე კანდიდატებს შორის გამგეობის ახალ წევრს ირჩევს გამგეობა ფარული კენჭისყრით.

 

მუხლი 10

თავმჯდომარე

10.1.ასოციაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თავის წევრთაგან ერთი წლის ვადით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე. პირი ასოციაციის თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორზე მეტი ვადით. თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს. ახლად არჩეული თავმჯდომარე ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას. ასოციაციის თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება, შესაბამისად, ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე. საერთო კრების შემდეგ, თუ თავმჯდომარე და მოადგილე ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევამდე ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მათი ფუნქციების შესრულება დაევალოს გამგეობის უხუცეს წევრს.

10.2.    თავმჯდომარე:

ა)   წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

ბ)   ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;

გ)   წარმოადგენს ასოციაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში;

დ) ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას;

ე)   ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს.

ვ)   გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ზ)  აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე ასრულებს მის ფუნქციებს;

თ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

10.3.მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

10.4.თავმჯდომარის (მოადგილის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია  გამგეობას ან საერთო კრებას. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს (მოადგილეს) დარჩენილი ვადით.

10.5.ასოციაციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელებას დატვირთვის ან ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.

 

მუხლი 11

სექციები

11.1.    სპეციფიკური საკითხებისა და პრობლემების უფრო ეფექტურად გადაჭრის მიზნით ასოციაციაში შესაძლოა მოქმედებდნენ სექციები.

11.2.    სექციაში გაერთიანება შეუძლია ასოციაციის ნამდვილ წევრს.

11.3.    სექციაში შექმნის ინიცირება შეუძლია ასოციაციის არანაკლებ სამ ნამდვილ წევრს. ამისთვის ისინი წერილობითი განცხადებით მიმართავენ ასოციაციის გამგეობას. ხოლო გამგეობა ამ საკითხს წყვეტს პირველივე გამგეობის სხდომაზე.

11.4.    სექციები აწყობენ სექციურ კრებებს და სექციის ლობისტის/წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენენ თავიანთ მოსაზრებებსა და წინადადებებს გამგეობასა და საერთო კრებას.

11.5.    სექციური კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სექციის წევრთა ნახევარზე მეტი. სექციის ლობისტს/წარმომადგენელს ყოველი კონკრეტული სექციური კრების საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სექციას სურს დააყენოს გამგეობის ან საერთო კრების წინაშე, სექციის წევრები ირჩევენ ხმათა უმრავლესობით. სექცია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს განსახილველი საკითხების ჩასმა გამგეობის  სხდომის ან  საერთო კრების დღის წესრიგში.

11.6.    სექციური კრებების ორგანიზებას უზრუნველყოფს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. სექციური კრების მოსაწვევად საკმარისია სექციის წევრთა ერთი მეათედის წერილობითი მოთხოვნა აღმასრულებელი დირექტორის სახელზე. კრებას განცხადებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა ნიშნავს აღმასრულებელი დირექტორი. კრების ოქმს ხელს აწერს კრების მიერ არჩეული ლობისტი/წარმომადგენელი.

11.7.    ლობისტს/წარმომადგენელს თავისი სექციის სახელით, სექციურ კრებაზე მიღებული და შესაბამისი ოქმით დამოწმებული გადაწყვეტილებების ფარგლებში შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ სტრუქტურებთან, მასმედიასთან და ა.შ. საქართველოს მასშტაბით, რათა შეატყობინოს ასოციაციის სექციის პოზიცია, აგრეთვე, შესთავაზოს გარკვეული პროექტები ან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა სექციის სახელით. ამასთანავე, ლობისტმა/წარმომადგენელმა წინასწარ უნდა აცნობოს ყოველივე ზემოაღნიშნულის თაობაზე ასოციაციის გამგეობასა და მის თავმჯდომარეს, რომელთაც, საჭიროების შემთხვევაში, უფლება აქვთ ზემოაღნიშნულ სტრუქტურებში, ორგანიზაციებსა და მასმედიის ორგანოებში გამოხატონ თავიანთი ოფიციალური პოზიცია ასოციაციის სახელით. დამოუკიდებელი პროექტების განხორციელების ან პროექტებში თანამონაწილეობის შემთხვევაში, თუკი ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოები არ არიან თანახმა ამგვარ მონაწილეობაზე ასოციაციის სახელით, სექციის კონკრეტული წევრები გამოდიან როგორც ფიზიკური პირები და მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე ასოციაცია პასუხს არ აგებს.

11.8 სექციის მიერ შემუშავებული განცხადება  მხარდასაჭერად ეგზავნება ასოციაციის გამგეობას. თუ ასოციაციის გამგეობა გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს აღნიშნულ განცხადებას იგი ქვეყნდება ასოციაციის სახელით. იმ შემთხვევაში თუ ასოციაციის გამგეობა მხარს არ დაუჭერს  სექციის განცხადებას, მაშინ სექცია კენჭს უყრის აღნიშნულ განცხადებას სექციის კრებაზე და ¾ მხარდაჭერის შემთხვევაში აქვეყნებს განცხადებას სექციის სახელით.

 

მუხლი 12

აღმასრულებელი დირექტორი

12.1.    აღმასრულებელ დირექტორს 3 წლის ვადით ნიშნავს თავმჯდომარე გამგეობის თანხმობით;

12.2.    აღმასრულებელი დირექტორი:

ა)   მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა თავმჯდომარის და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;

ბ)   გაწეული საქმიანობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ანგარიშს აბარებს გამგეობას;

გ)   გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ასოციაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;

დ) ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;

ე)   დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ასოციაციის სახელით;

ვ)   თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს;

ზ)  გამგეობასთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს;

12.3.    აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებით და შრომითი ხელშეკრულებით;

12.4.    აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის თავმჯდომარე.

12.5. აღმასრულებელი დირექტორი უზრუნველყოფს საერთო კრების, გამგეობის, სექციის, ეთიკის კომისიის, მიზნობრივი კომისიების სხდომათა ოქმების შედგენასა და გავრცელებას ასოციაციის წევრებს შორის.

12.6. აღმასრულებელი დირექტორი ადგენს შიდა (ასოციაციის წევრებს შორის, გამგეობის წევრებს შორის), გარე (სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო, კომერციულ ორგანიზაციებთან) და საერთაშორისო მიმოწერის რეგლამენტს. რეგლამენტის აუცილებელი პირობაა მიმოწერის საჯაროობა და მისი შენახვა მინიმუმ ორ ელექტრონულ მატარებელზე მუდმივად.

 

მუხლი 13

მონიტორინგი და აუდიტი

13.1. საერთო კრება სამი წლის ვადით ირჩევს ნამდვილ წევრთაგან 2 მონიტორს.

13.2. მონიტორები, უფლებამოსილების ვადით, ახორციელებენ ასოციაციის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების გადაწყვეტილებათა და საქმიანობის რევიზიას. სარევიზიო საკითხისა და ვადების განსაზღვრა ხდება მონიტორების მიერ საფუძვლიანი ეჭვისა ან შემთხვევითი შერჩევის გზით.

13.3. მონიტორები ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ საერთო კრების მიმართ.

13.4. მონიტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ასოციაციის გამგეობის ან ეთიკის კომისიის წევრი.

13.5. გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნას დამოუკიდებელი აუდიტორი (აუდიტორული კომპანია), რომელიც შეისწავლის ასოციაციის საქმიანობას და აუდიტორულ დასკვნაში ასახავს აუდიტის შედეგებს.

13.6. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში გამგეობა იწვევს რიგგარეშე საერთო კრებას.

 

მუხლი 14

ასოციაციის ქონება

14.1.    ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

14.2.    ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

 

მუხლი 15

ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა

15.1     ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა)   ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით;

ბ)   გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;

გ)   კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

15.2     ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება განაწილდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

15.3 ასოციაციის ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

პარტნიორები