სიახლეები
სტამბულის პროფესიული პროგრამა 2019
სტამბულში მიმდინარე გამომცემელთა პროფესიული პროგრამის ფარგლებში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა თურქეთის გამომცემელთა ასოციაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესმენთა ასოციაციის, ბიბლიოთეკართა ასოციაციისა და უშუალოდ სტამბულის გამომცემელთა პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის საგამომცემლო-ლიტერატურული სექტორების მეტად დაახლოების შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.
ასევე, ისაუბრეს პროექტზე „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველო”, ვინაიდან მას შემდეგ, რაც 2008 წელს თურქეთმა უკვე ისარგებლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით, უახლოეს პერიოდში გეგმავენ, ისევ მიმართონ ფრანკფურტს ამ სტატუსის ხელახლა მისაღებად. სწორედ ამიტომ, მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოცდილება.