სიახლეები
საავტორო და მომიჯნავე უფლებების კომიტეტის 38-ე სესია ჟენევაში
1-დან 5 აპრილის ჩათვლით გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ბორდის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა პირველად იღებს მონაწილეობას ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) საავტორო და მომიჯნავე უფლებების კომიტეტის (SCCR) რიგით 38-ე სესიაში.
WIPO 1967 წლიდან მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის ინოვაციურ და კრეატიულ განვითარებაზე.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ფორუმი გაერთიანებული ერების სააგენტოა, რომელიც მსოფლიოს 191 ქვეყანას აერთიანებს და განსაზღვრავს მთელ მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების სერვისების, პოლიტიკის, ინფორმაციის გავრცელებისა და თანამშრომლობის საკითხებს.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების მუდმივმოქმედი კომიტეტი (SCCR) დაფუძნდა 1998-1999 წლებში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებულ არსებითი სამართლის ან ჰარმონიზაციის საკითხების განსახილველად.
კომიტეტი შედგება WIPO-ს ყველა წევრი სახელმწიფოსა და ბერნის კავშირისგან, ასევე მასში გაერთიანებული არიან დამკვირვებლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი და მთელი რიგი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მუდმივმოქმედი კომიტეტი აყალიბებს რეკომენდაციებს WIPO-ს გენერალური ასამბლეის ან დიპლომატიური კონფერენციის გათვალისწინებით.
კომიტეტი ამჟამად განიხილავს ორ ძირითად მიმართულებას:
· შეზღუდვები და გამონაკლისები
· სამაუწყებლო ორგანიზაციები