საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

მიმდინარე პროექტები

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017 წელს უკვე მეცხრამეტად გაიმართება, ფესტივალის ჩატარების თარიღი წიგნის მოყვარულებისთვის უკვე ცნობილია, მე-19 საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიაში, 25-28 მაისს ჩატარდება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი განსხვავებული და გამორჩეული იქნება წინა ფესტივალებისგან.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი  და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს. ფესტივალი სტაბილურად განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების განმავლობაში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლების მიზანს წარმატებით ართმევს თავს, რასაც ფესტივალის დამთვალიერებლების მზარდი რაოდენობაც ადასტურებს.

ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალის მთავარი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც მონაწილე გამომცემელ და გამავრცელებელ ორგანიზაციათა მთავარი საზრუნავი სტუმრებისთვის წიგნების, დამხმარე მასალებისა და წიგნის აქსესუარების განსაკუთრებული სადღესასწაულო ფასდაკლებითა და სპეციალური სასაჩუქრე პაკეტების სახით შეთავაზებაა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მაღალმა რეპუტაციამ განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში განაპირობა მედიის მზარდი ინტერესი და ამან, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ფესტივალის ცნობადობის კიდევ უფრო ზრდას. 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თავს უყრის წიგნთან, ლიტერატურასთან და სამწერლო/საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებულ, ფაქტობრივად, ყველა სხვა სახის აქტივობასაც; გამომცემელთა მიერ ახალი წიგნებისა და ავტორების წარდგინებები, საჯარო კითხვა, შეხვედრა-დისკუსიები მწერლებთან, სპეციალური სტუმრის წარდგენა, ლიტერატურული დაჯილდოება, პროფესიული სემინარები და კონფერენციები. ფესტივალზე ყოველწლიურად ეწყობა საბავშვო კუთხე და იგეგმება გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ყოველი წლის მაისის ბოლოს იმართება, 4 დღის განმავლობაში 50 000–ზე მეტი სტუმარია დაფიქსირებული. 

 

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები