საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2020

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის (14-18 ოქტომბერი) 

ლიტერატურულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის (14-18 ოქტომბერი) ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ორი ღონისძიებით წარდგება.

2020 წელს COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ფიზიკური სახით აღარ ჩატარდება. ღონისძიებების ნაწილი  ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურულ, კულტურულ-სახელოვნებო სივრცეში Bookfest City-ის ფარგლებში გაიმართება, ნაწილი კი Bookfest Digital-ის ფორმატში ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

15 ოქტომბერს 20:00 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest City-ის ფარგლებში, სასტუმრო “Roomers Frankfurt”-ში  ბერლინში მცხოვრები ქართველი მწერალი იუნონა გურული  თავის ახალ წიგნს "Mohnfelder" (Corvinus Presse, 2020) წარადგენს, მოდერატორობას მას გერმანელი ლიტერატორი სუზან შმიდტი გაუწევს.

17 ოქტომბერს 15:20 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest Digital-ის ფორმატში, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ონლაინ რეჟიმში  საქართველოს და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლე ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმში მონაწილეობენ: ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე. ფილმი არის მცდელობა, გაგრძელდეს საუბარი მსოფლიოსთან. მცდელობა უფრო მეტი ითქვას თბილისზე, საქართველოზე, მის ეთნო-რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ომზე, ოკუპაციაზე, ლიტერატურულ ცხოვრებაზე, იმ ადგილებზე და რეგიონებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური თუ ლიტერატურული თვალსაზრისით და რომლებიც საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ახლა უნდა აღმოაჩინოს საქართველო.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ტრადიციულად ინარჩუნებს გლობალური საგამომცემლო ინდუსტრიის ჰაბის ფუნქციას და წელს გამომფენებს უნიკალურ ელექტრონულ პლატფორმას - “International Markets” - სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო სექტორის ვირტუალურ სივრცეებს აერთიანებს და საგამომცემლო საქმის პროფესიონალებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნონ ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრის, მათი თავისებურებების შესახებ. დაინტერესებული დამთვალიერებელი “International Markets“-ის პლატფორმაზე ქართული წიგნის ბაზრის ვირტუალურ სივრცესაც მიაკვლევს. საქართველოს წიგნის ბაზრის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე: http://www.gpba.ge/news/19/

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად,   ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორების და გამომცემლების  მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა და ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში არაერთი ღონისძიება მიეძღვნა ქართულ ლიტერატურასა და კულტურას.

 

ვიდეო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები