განხორციელებული პროექტები
საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით მიმდინარე წლის ნოემბერში უკვე მერვედ ჩატარდა „საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების“ პროექტი.
პროექტი წელს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განსაახლებლად დაფინანსების გაზრდასა და ორ ეტაპად განხორციელებას გულისხმობდა.
პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს საგამომცემლო სექტორის დახმარებასა და მასში დასაქმებული პირებისათვის ზარალის მინიმალიზაციას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლებასა და რეგიონის ბიბლიოთეკების მკითხველებისთვის უახლესი გამოცემების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
საქართველოს 64 რეგიონული ბიბლიოთეკიდან თითოეულს გადაეცა 700 ლარის ღირებულების წიგნები ერთიანი ელექტრონული კატალოგის საფუძველზე, გამომცემლობების მიერ შემოთავაზებული განსაკუთრებული ფასდაკლებებით.
„საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების“ პროექტს გამომცემელთა ასოციაცია ყოველწლიურად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ახორციელებს. წელს კი, პანდემიიდან გამომდინარე, პროექტს დაემატა მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი 2020 წლის აგვისტოში ელექტრონულად ჩატარდა, მეორე ეტაპზე კი ასოციაციამ ბიბლიოთეკებს მათ მიერ შერჩეული წიგნები წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, წინასწარ შედგენილი განრიგით გადასცა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.