საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი დაიწყო

იუნესკოს პროექტის „თბილისი - მსოფლიო წიგნის დედაქალაქი 2021“ ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

პროექტი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით ხორციელდება. პირველი ეტაპი თბილისის 62 საჯარო სკოლას (ნუმერაციული თანმიმდევრობით) მოიცავს. თითოეულ სკოლას 900 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცემა, რომლითაც საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი გამომცემლობისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციის წიგნებს შეიძენენ.

პროექტის მიზანია თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების უახლესი გამოცემებით შევსება, სკოლის მოსწავლეების თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან დაახლოება და წიგნიერების ხარისხის გაზრდა.  ვაუჩერიზაციის პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და, წლის ბოლომდე, თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდება.

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტის განხორციელება.

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები