საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

განხორციელებული პროექტები

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მეექვსედ აღინიშნა

#იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 3 თებერვალს, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ასოციაციამ წელსაც დაისახა მიზნად საქართველო ტრადიციულად შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. პროექტის მეგობარია თიბისი, რომელმაც ყველა მოსწავლესა და სტუდენტს, ვინც წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს გამართულ ავტორების ლაივებს დაესწრო, გადასცა უფასო წვდომა საბას ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე. პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორი გახლავთ „Litworld”.

პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 3 თებერვალს, 12 საათზე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნის ღონისძიება გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნა, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. ონლაინ შეხვედრაზე მის შემოქმედებაზე ისაუბრეს დათო ტურაშვილმა, ზვიად კვარაცხელიამ, გიორგი კეკელიძემ და გვანცა ჯობავამ, რომლებმაც წაიკითხეს ფრაგმენტები მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტის" ბაჩანა ბრეგვაძისეული თარგმანიდან.

გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში 70-მდე ქართველმა მწერალმა ონლაინ შეხვედრები გამართა სკოლებსა და უნივერსიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით, წაიკითხეს ლიტერატურული ტექსტები მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად და კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება წიგნიერების მნიშვნელობაზე.

ღონისძიება 3 თებერვალს, 6 საათზე ოფიციალურად დაიხურა მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძისა და პოეტ პაატა შამუგიას დისკუსიით თემაზე - ადამიანი და სახელმწიფო: გამოწვევა და გამოსავალი. სპიკერებმა ტრადიციულად მიმოიხილეს გასული წლის აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური თემები, განიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და მომავლის პერსპექტივები ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის კონტექსტში, ისაუბრეს ლიტერატურულ ანალოგებზე. საუბრის ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხეს ლიტერატურული ტექსტები.

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოვლინდა და დაჯილდოვდა წლის წიგნის ქომაგი.

2021 წლის წიგნის ქომაგი ნინო კასრაძე გახდა. მასხიობს ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმდჯომარემ, რუსუდან მოსიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს.

წიგნის ქომაგის ჯილდო ნინო კასრაძეს თანამედროვე ეპოქაში წიგნისა და კინოს/თეატრის სფეროების დაახლოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში ახალი გზების/საშუალებების ძიებისთვის გადაეცა. წლების განმავლობაში მსახიობი მართავდა არაერთ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული და უცხოური ლიტერატურის წარმოჩენას, პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივებას. ნინო კასრაძე მუდმივად იყო ჩართული კლასიკური და თანამედროვე ქართული პოეზიის მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციაში, გეგმავდა და ახორციელებდა პოეტისა და მხატვრის, ესმა ონიანის თეატრალიზებულ საღამოებს. მსახიობი არაერთხელ მონაწილეობდა წიგნის სექტორის მხარდამჭერ უპრეცედენტო საინფორმაციო კამპანიებსა და პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობდა ლიტერატურის პოპულარიზაციასა და თეატრალური სფეროს დაახლოებას თანამედროვე ლიტერატურულ პროცესთან.

ნინო კასრაძემ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოცაციასთან თანამშრომლობით 2018 წელს დააარსა პროექტი “მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ყოველ ეტაპზეც ჩართული იყო უდიდესი ენთუზიაზმით, აქტიურად იღებდა მონაწილეობას პროექტის წარმატებით განხორციელებაში (მათ შორის ურთულეს 2020 წელს).

შეგახსნებთ, რომ წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში. ამას გარდა, ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს ,,წიგნების თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

დღის მანძილზე, სოციალური პლატფორმების მეშვეობით, თითოეულ მოქალაქეს შეეძლო გამხდარიყო ონლაინ ღონისძიების მონაწილე.

#WorldReadAloudDay #WRAD2021

 

 

ფოტო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები