საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ქართველი გამომცემლები და მწერლები უცხოელ სტუმრებს შეხვდნენ

23 აპრილს, თბილისმა, ერთი წლით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურისგან ოფიციალურად გადმოიბარა.

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა.

სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 24 აპრილს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“  პარტნიორობით გამართა ქართველ გამომცემელთა და მწერალთა შეხვედრები UNESCO-ს წარმომადგენლებთან, საკონსულტაციო კომიტეტის წევრებთან და საპატიო სტუმრებთან.

24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სპეციალურად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან, ბოდურ ალ ქასიმისთან და ასოციაციის გენერალურ მდივანთან, ხოსე ბორგინოსთან, რომლებიც თბილისს მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ. ბოდურ ალ ქასიმი მსოფლიო ასოციაციას პრეზიდენტის სტატუსით 2021 წლის 1 იანვრიდან ჩაუდგა სათავეში. სამუშაო შეხვედრაზე მან ასოცაციის წევრებთან ერთად განიხილა საგამომცემლო სფეროს საკვანძო, საინტერესო და აქტუალური საკითხები.

   

მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ღონისძიების ოფიციალური მიღება, სადაც ქართველი გამომცემლები და მწერლები, მათ შორის ირაკლი კაკაბაძე, გურამ ოდიშარია, ბექა ქურხული, არჩილ ქიქოძე, უცხოელი სტუმრების დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციაში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად იყვნენ გვადალახარას წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი მარისოლ შულცი, იუნესკოს წარმომადგენლები, ამჟამინდელი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის, კუალა ლუმპურის დელეგაცია და ა.შ.

სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები ქართული საგამომცემლო პროცესებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ.

ფოტო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები