სიახლეები
ქართული ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
ქართული ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში
მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ასევე პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლის 20-24 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ლიტერატურული პროგრამით წარდგება.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული კოვიდრეგულაციებისა და შეზღუდვების გამო 2021 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით არ იქნება წარმოდენილი, თუმცა საინტერესო ლიტერატურულ პროგრამას შესთავაზებს გერმანულენოვან მკითხველს.
21 ოქტომბერს, Roomers Frankfurt-ში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალის Bookfest City-ს ფარგლებში აკა მორჩილაძე, თავისი წიგნის „ძველი გულებისა და ხმლისა“ ახალ თარგმანს წარუდგენს გერმანელ მკითხველს. ღონისძიების მოდერატორი ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ქართული ლიტერატურის დიდი მოყვარული და ქომაგი, გავლენიანი გერმანული გამოცემის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის კულტურის განყოფილების რედაქტორი, ტილმან შპრეკელსენი იქნება.
22 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 2021 წლის საპატიო სტუმარი ქვეყნის, კანადის პავილიონში აკა მორჩილაძისა და კანადელი ავტორის, პოლ სისკვესისის შეხვედრა გაიმართება თემაზე „ენებისა და კულტურის დაცვა და შენარჩუნება – როგორები ვიყავით“ (Preserving and Protecting Languages and Culture – The Way We Were – Canadian-Georgian series).
23 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი LiteraturBahnhof ფრანკფურტის წიგნის სახლში Haus des Buches ლაშა ბაქრაძეს უმასპინძლებს, რომელიც გერმანელ მკითხველს ქართველი მწერლების უახლეს გერმანულენოვან თარგმანებს წარუდგენს.
აკა მორჩილაძე ლიტერატურულ ტურის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს შვეიცარიასა და გერმანიაში. ტური დაიწყება 5 ოქტომბერს ციურიხის ლიტერატურის სახლში, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალის „ხიდი: ციურიხი – თბილისი“ ღონისძიებით და გაგრძელდება მკითხველთან შეხვედრებით მიუნხენის ლიტერატურის სახლში (15 ოქტომბერი) და ნიურნბერგის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (20 ოქტომბერი).
აღსანიშნავია, რომ გერმანულ ენაზე აკა მორჩილაძის ცხრამდე წიგნია თარგმნილი.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად, ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორების და გამომცემლების მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.