სიახლეები
თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი "ავტორები სკოლებში" იწყება
27 ოქტომბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განხორციელდება პროექტი „ავტორები სკოლებში“.
„თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ წიგნთან წვდომის შეუზღუდავი შესაძლებლობა ჰქონდეს, არამედ, მსგავსი ტიპის შეხვედრებით, ლიტერატურის სამყარო უშუალოდ გავაცნოთ და დავაინტერესოთ. ვფიქრობ, ავტორებთან შეხვედრა, მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს წაიკითხონ წიგნები, იარონ ბიბლიოთეკებში და კარგ მკითხველად ჩამოყალიბდნენ“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
“რამდენიმე თვის წინ თბილისის უკლებლივ ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით შევავსეთ. წიგნები ამ სკოლების ბიბლიოთეკარების, პედაგოგებისა და მოსწავლეების გემოვნებითა და საჭიროების გათვალისწინებით შეირჩა. ამჯერად კი გადავწყვიტეთ, ის ქართველი ავტორები, რომელთა წიგნებიც ყველაზე მეტმა სკოლამ აირჩია, მოსწავლეებს პირადად შევახვედროთ. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ახალი წიგნები ხელუხლებლად არ დარჩეს ბიბლიოთეკების თაროებზე და მათ რაც შეიძლება მეტმა მოსწავლემ თუ მასწავლებელმა მიაკითხოს, რასაც ცოცხალი შეხვედრები საყვარელ ავტორებთან, მათგან რეკომენდაციების მიღება, აუცილებლად შეუწყობს ხელს. გვჯერა, რომ თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებში პირდაპირი გზაა ახალ თაობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის“ - ამბობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა.
პროექტისთვის შერჩეულია თბილისის სხვადასხვა უბნის 20 სკოლა, სადაც თითო ავტორი, დაახლოებით, ორსაათიან შეხვედრა-ლექციას ჩაატარებს. ავტორები, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ კიდევ ერთი ერთობლივი პროექტის, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების შედეგებზე დაყრდნობით შეარჩიეს. მათ შორის არიან: გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, გურამ პეტრიაშვილი, ნატო დავითაშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ლელა ცუცქირიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლევან ბრეგაძე, ნინო ჭიპაშვილი (ნეფერტარი), თამარ გეგეშიძე, მარიამ წიკლაური, გურამ მეგრელიშვილი, ტორესა მოსი, ბექა ადამაშვილი და ლელა კოტორაშვილი.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მკითხველმა უკეთესად გაიცნოს თანამედროვე ქართული მწერლობა და ავტორები, მეტი გაიგონ ლიტერატურული პროცესების შესახებ, დაუახლოვდნენ წიგნის სამყაროს, გამოიმუშაონ ბიბლიოთეკაში სიარულის ჩვევა. ასევე, ავტორებთან პირისპირ გასაუბრების მეშვეობით, შეიტყონ მსოფლიო მწერლობასა და სხვადასხვა სახელოვნებო სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, მიიღონ პასუხები და გამოთქვან საკუთარი დამოკიდებულება.