საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2 თებერვალს გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს, უკვე მეშვიდედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება!

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

ასოციაციის ინიციატივით, საქართველო ტრადიციულად, წელსაც შეუერთდება ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდება მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld”.

პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელი ღონისძიებები კვლავაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს წელსაც შემოუერთდებიან სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები, ბიბლიოთეკები და სხვა.

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეშვიდედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ნინო კასრაძეს (2021), პროექტს ,,წიგნის თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები