საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ქართული წიგნის ბაზრის კვლევა 2016-2020

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით, "ეისითის" მიერ მომზადდა ქართული წიგნის ბაზრის კვლევა. კვლევის მთავარი მიზანი იყო 2016-2020 წლების სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება წიგნის ბაზრის ყველა კომპონენტის შესახებ.

კვლევა მოიცავს ინფორმაციას საქართველოში მოქმედი გამომცემლობების, სადისტრიბუციო კომპანიების, წიგნის მაღაზიების, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების,  ბიბლიოთეკებისა და მკითხველების შესახებ.

პანდემიის გავლენის ანალიზის მიზნით, ანგარიშში ცალკეა წარმოდგენილი 2020 წლის წლის მონაცემები წიგნის სექტორზე.

”2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევაზე ჩვენ თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით და შევკრიბეთ ყველა ის საკვანძო ინფორმაცია, რომელიც, ფაქტობრივად, სრულ სურათს ქმნის ხუთი წლის განმავლობაში ქართული საგამომცემლო სექტორის საქმიანობის შესახებ. მსგავსი ტიპის ინფორმაცია, ერთის მხრივ სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივ საგამომცემლო სექტორს ჰქონდეს წარმოდგენა ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ, რაც დაეხმარებათ შეაფასონ საკუთარი მიღწევები თუ სუსტი მხარეები, და შესაბამისად, უკეთ დაგეგმონ განვითარების სტრატეგიები; და მეორეს მხრივ იმისთვის, რომ ქართული წიგნის ბაზრის სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის მიწოდება შევძლოთ ისეთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომლებიც ყოველწლიურად იკვლევენ და აქვეყნებენ მსოფლიო საგამომცემლო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას“- გვანცა ჯობავა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

„ქართული წიგნის ბაზრის ბოლო კვლევა 2015 წელს ჩატარდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისად, წინამდებარე კვლევაში ასახვა პოვა უკანასკნელ წლებში 2016- 2020 წიგნის და საგამომცემლო სფეროში განვითარებულმა პროცესებმა. კვლევაში დაინტერესებული მკითხველი სწორედ ამ პროცესების ანალიზს და საგამომცემლო სფეროსა და მკითხველთა უნარ-ჩვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამიზნე ჯგუფებს აქ გამოთქმული რეკომენდაციების საფუძველზე შეეძლებათ შესაბამისი სამოქმედო სტრატეგიების განსაზღვრა, რაც ბუნებრივია, მიმართული იქნება სფეროს განვითარებისკენ და გაძლიერებისკენ“- ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი.

იხილეთ კვლევა - https://bit.ly/3uR4oaD

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები