საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

მზადება თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.

წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატს და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნების პროგრამა.  წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთი იქნება. თურქეთს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის სტატუსი 2020 წელს მიენიჭა თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული სტატუსით ის წელს ისარგებლებს. თურქეთის ფოკუს ქვეყნის პროგრამის ორგანიზატორები არიან თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

გარდა ამისა, ფესტივალს უბრუნდება პროექტი "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს. 

ვებ-გვერდზე www.tbilisibookfestival.ge მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ ფესტივალის პროგრამას, რომელიც მალე გახდება ცნობილი და მიიღონ სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ.

ფესტივალი იქნება ჰიბრიდული და, ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა აღნიშნულ ვებ გვერდზე, საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი.ფესტივალს პარტნიორია Veli.store. 

თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები და ინფორმაცია მათ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tbilisibookfestival.ge/members.php?l=ge

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები