სიახლეები
წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი"
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 17-19 ივნისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართა. პროექტი განხორციელდა წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით.
ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, 17 და 18 ივნისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა, 15-მდე გამომცემლობის მონაწილეობით, წალენჯიხასა და ჯვარში გაიმართა. 17 ივნისს ფესტივალს წალენჯიხა გრანელის პარკი მასპინძლობდა, 18 ივნისს კი ღონისძიება ჯვარში, კულტურის სახლის ტერიტორიაზე გაგრძელდა.
წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, ფესტივალი მოიცავდა მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას. გაიმართა დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, მათ შორის იყვნენ პაატა შამუგია, ლერი ალიმონაკი, დიანა ანფიმიადი, ერეკლე დეისაძე, რატი ამაღლობელი, ეკა ტოგონიძე, ზვიად კვარაცხელია, თემურ ელიავა, გიორგი შონია და სხვა.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ბესო სოლომონაშვილისა და მარი გულბიანის ფილმების ჩვენება გაიმართა.
19 ივნისს წალენჯიხაში გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების გალერეა და ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდია.
ღონისძიება საზეიმოდ დაიხურა ფახულანში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიების ორგანიზატორებმა სიტყვით მიმართეს ადგილობრივებს და შეაჯამეს ფესტივალი.
დასკვნით საღამოს წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის სპეციალური ჯილდო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა ლერი ალიმონაკს.