სიახლეები
თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი მასშტაბურად დაუბრუნდა დამთვალიერებლებს. ფესტივალს ოთხი დღის განმავლობაში ათი ათასობით მკითხველი ეწვია.
ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 26 მაისს, 12:00 საათზე გაიმართა ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში. ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა და ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორებმა რუსუდან მოსიძემ, გვანცა ჯობავამ და თინათინ ბერიაშვილმა, თბილისის მერიის წარმომადგენელმა მაკა ნასრაშვილმა, თიბისის წარმომადგენელმა ნინო ეგაძემ. ღონისძიებაში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სტამბოლის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ისრაფილ ქურალაიმ და ამავე პალატის ბორდის წევრმა და გამომცემელმა მუნირ უსთინმა.
ექსპო ჯორჯიაში მოსულ დამთვალიერებლებს მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული პროგრამა დახვდათ. წიგნის ფესტივალში მონაწილეობა 80-მდე ქართულმა თუ უცხოურმა გამომცემლობამ და ორგანიზაციამ მიიღო. გაიმართა 100-მდე ლიტერატურული ღონისძიება, რომელშიც 100-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, ლიტერატორი და ხელოვანი მონაწილეობდა. ტრადიციული, განსაკუთრებული პროგრამა დახვდათ პატარებსაც. მათთვის განკუთვნილ თიბისის საბავშვო სივრცეში ოთხი დღის განმავლობაში არაერთი ვორქშოფი მოეწყო, გაიმართა თოჯინების თეატრი და შეხვედრები საბავშვო მწერლებთან.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის მთავარი მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრისა და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების მანძილზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზეც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების მზარდი რაოდენობა.
ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი. ფესტივალს მხარს უჭერს ონლაინ პლატფორმა ველი.