სიახლეები
საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
19-23 ოქტომბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით საქართველო წელსაც ტრადიციულად წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
წლევანდელ ლიტერატურულ პროგრამაში 7 ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია მწერლების შეხვედრები უცხოელ მკითხველთან, ახალი მთარგმნელობითი პროექტების დაანონსება, უახლესი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაცია და ერთობლივი ღონისძიებები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2022-ის საპატიო სტუმარი ქვეყნის ესპანეთის წარმომადგენლებთან, მწერლებთან და გამომცემლებთან ერთად.
წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მოცულობით სტენდს უთმობს უკრაინის წიგნის სფეროს წარმომადგენლებს. საქართველოს ეროვნულ სტენდზეც გაიმართება რამდენიმე ღონისძიება უკრაინის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით აღსანიშნავია უკრაინელი და ქართველი პოეტების ლექსების გერმანულენოვანი კრებულის პრეზენტაცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად დაიწერა. მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამოფენილი იქნება უკრაინელი ილუსტრატორების მიერ ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს 20-მდე ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში საგამომცემლო პროგრამების წარდგენისა და საავტორო უფლებების გაყიდვის მიზნით შეხვდებიან უცხოელ გამომცემლებს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავს იყრის ათასობით გამომცემელი, მწერალი და ლიტერატურული აგენტი. ამყარებენ საქმიან კონტაქტებს, ყიდიან და ყიდულობენ საავტორო ლიცენზიებს და თანხმდებიან სამომავლო მთარგმნელობით თანამშრომლობაზე. პანდემიის შემდეგ 2022 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა პირველად ტარდება შეზღუდვების გარეშე, სრული მასშტაბითა და ტრადიციული ფორმით. შესაბამისად, წელს ბაზრობას ტრადიციულად ასიათასობით სტუმარი ეყოლება მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან.
საქართველო 2007 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორებისა და გამომცემლების მონაწილეობით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.