სიახლეები
ვაუჩერიზაციის პროექტის ფარგლებში 64-მა ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდი განაახლა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ გაიმართა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი. პროექტის ფარგლებში საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად 900 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ, რომელთა გასანაღდებლადაც ორი დღის განმავლობაში, 28-29 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 30-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის მონაწილეობით სპეციალური გამოფენა გაიმართა.
პროექტის ოფიციალურ გახსნაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავჯდომარემ, თამარ ლებანიძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ფონდი არველაძის დამფუძნებლებმა, რევაზ და არჩილ არველაძეებმა, სიტყვით მიმართეს ბიბლიოთეკარებსა და გამომცემლებს.
პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად შეავსონ წიგნადი ფონდები გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე გულისხმობს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.
შეგახსენებთ, რომ პროექტს გამომცემელთა ასოციაცია 2012 წლიდან კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებდა, წელს კი პირველად, პროექტს კერძო პარტნიორი ჰყავს და მას შოთა არველაძის პირადი ინიციატივით, ფონდი არველაძე აფინანსებს.