საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

პრემია "ნაკადულის" გრძელი სია ცნობილია!

საბავშვო ლიტერატურული პრემია “ნაკადულის” მონაწილეთა სია ცნობილია. კონკურსის ოთხ ნომინაციაში 55 წიგნია წარმოდგენილი. გრძელი სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემია ოთხ ნომინაციაში გაიცემა, ასაკობრივი ზღვარი კი 8 წლამდეა განსაზღვრული:

  • წლის საუკეთესო პროზაული წიგნი
  • წლის საუკეთესო პოეტური წიგნი
  • წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
  • წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

საკონკურსოდ განიხილება 2021 წელს გამოცემული ნაწარმოებები. განაცხადებს განიხილავს საქართველოს წიგნი გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ შერჩეული 5 კაციანი ჟიური. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს და 2500 ლარიან ფულად პრემიას.

პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, შარშან დაარსდა. წლის საუკეთესო პროზაული წიგნი გახდა „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ (ავტორები: ალექს ჩიღვინაძე და ანა ჯანელიძე, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“), წლის საუკეთესო პოეტური წიგნის ნომინაციაში გაიმარჯვა წიგნმა „გამოიცნონ პატარებმა“ (ავტორი ნათია ჯანაშია, გამომცემლობა „პალიტრა L“), წლის საუკეთესო ილუსტრირებულ წიგნებად დაასახელეს „მგელი მითებსა და ზღაპრებში“ (ავტორი გიორგი ჯინჭარაძე, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“) და „ნაცარქექია“ (ავტორი ვარლამ ჯმუხაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“), ხოლო წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნად - „უჩვეულო კვირადღე“ (ავტორი მარიამ წიკლაური, გამომცემლობა „ბაკმი“).

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები