სიახლეები
2023 წლის წიგნის ქომაგი შოთა არველაძე გახდა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე, უკვე მერვედ გამოავლინა და დააჯილდოვა წლის წიგნის ქომაგი.
2023 წლის წიგნის ქომაგი შოთა არველაძე გახდა. მას ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა გადასცეს.
წიგნის ქომაგის ჯილდო შოთა არველაძეს მიენიჭა 2022 წელს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც მისი მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ ვერ შედგებოდა და რომლის შედეგადაც საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება მოხდა. შესაბამისად, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაეზარდათ ხელმისაწვდომობა ახალ და თანამედროვე გამოცემებზე.
ასევე იმ პროექტებისთვისა და ინიციატივებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას, მათთვის განათლების, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის ხაზგასმას: 2022 წელს 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტის იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაგზავნისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასასწრებად; ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მიცემისთვის, რომ საკუთარი შრომით მიღწეული წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია;
2019 წელს, ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული საქველმოქმედო პროექტისთვის „ფეხბურთი ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ 150 მოზარდს შესაძლებლობა მიეცა მთელი წლის განმავლობაში მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევარჯიშა;
შეგახსენებთ, რომ წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში. ამას გარდა, ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ვახტანგ ბერიძეს (2022), ნინო კასრაძეს (2021), პროექტს ,,წიგნების თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).
ელ. ბიულეტენის გამოწერა
სახელი
გვარი
ელ. ფოსტა
საქმიანობა
რა ენაზე გსურთ ელ. ბიულეტენის მიღება?
ელ. ბიულეტენის გამოწერა