საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ეროვნული სტენდი ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის  ორგანიზებით, 6-9 მარტს საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და პროგრამით  წარსდგება.

ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე 7 ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან გამომცემლობა ელფი, დიოგენე, ინტელექტი, არტანუჯი, სულაკაურის გამომცემლობა, შემეცნება და გამომცემლობა პალიტრა L.  ქართველი გამომცემლების გამოცემულ წიგნებთან ერთად სტენდზე გამოიფინება მწერალთა სახლის ხელშეწყობით სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურა და კატალოგები ქართველი ავტორებისა და საქართველოში მოქმედი გამომცემლების შესახებ.

ბაზრობის დამთვალიერებლებისთვის ილუსტრატორი, თათია ნადარეიშვილი საქართველოს ეროვნულ სტენდზე სამი დღის განმავლობაში  ვორქშოპებს გამართავს.

საბავშვო ლიტერატურას საქართველოში განსაკუთრებული წახალისება და ხელშეწყობა სჭირდება, ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა და მის შედეგად დამყარებული კავშირები ამის საუკეთესო საშუალებაა. ეს  იქნება საქართველოსთვის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ტრიბუნა, საიდანაც  როგორც იტალიური და ისე, საერთაშორისო საზოგადოება გაიცნობს  ქართულ საბავშვო ლიტერატურას.

ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა 1963 წლიდან იმართება და საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა.  ბოლონიის ბაზრობის ფარგლებში მთავარი საბავშვო ლიტერატურული პრემიების, ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის

ლაურეატებს გამოავლენენ. წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოდან წარდგენილები არიან გიორგი ჯინჭარაძე, ირმა მალაციძე და ნიქოზის ხელოვნების სკოლა.

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები