საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

რეგიონული ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი აშშ-ის საელჩოსა და ფონდი არველაძის დაფინანსებით გაიმართება

4-5 დეკემბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გმავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით,  უკვე მერვედ გაიმართება ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად გადაეცემა 900 ლარიანი ვაუჩერი, რომელთა განაღდებასაც ისინი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 30-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან შეძლებენ.

პროექტის ფარგლებში, ნოემბრის განმავლობაში ბიბლიოთეკებს ჩაუტარდათ ონლაინ სემინარები თანამედროვე საბიბლიოთეკო მოდელის და რეფორმების შესახებ. 4 დეკემბერს რეგიონული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კიდევ ერთი, შემაჯამებელი სემინარი ჩაუტარდებათ, გარდა ამისა, სპეციალურად მათთვის გაიმართება ლექცია ამერიკული ლიტერატურის შესახებ, რომელსაც ზაალ ჩხეიძე გაუძღვება.

5 დეკემბერს კი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლებისთვის წიგნების გამოფენა მოეწყობა.

პროექტს ფარგლებში 5 დეკემბერს, 13:00 საათზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ფონდი არველაძის წარმომადგენლები, ძმები არველაძეები შეხვდებიან ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს.

საქართველოს ცენტრალური  ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტის ფარგლებში, ბიბლიოთეკარებს საშუალება ეძლევათ სპეციალური კატალოგის მიხედვით, რომელიც მონაწილე გამომცემლების უახლეს გამოცემებს აერთიანებს, თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნები.

პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად შეავსონ წიგნადი ფონდები გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე გულისხმობს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.

შეგახსენებთ, რომ პროექტს გამომცემელთა ასოციაცია 2012 წლიდან ახორციელებდა. გასულ წელს შოთა არველაძის პირადი ინიციატივით, პროექტი ფონდმა არველაძემ დააფინანსა. წელს პროექტს აშშ-ის საელჩოც შემოუერთდა.

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები