სიახლეები
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 2018 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორი (მე-11 და მე-6) პავილიონი მოიცვა. მე-6 პავილიონმა უმასპინძლა პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ ერთ სივრცეში დაათვალიერებინათ და შეეძინათ საბავშვო წიგნები, ასევე დასწრებოდნენ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და მისულიყვნენ მათთვის გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეში. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულთათვის სრულად იყო წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაციები.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს ქვეყანა გერმანია იყო! ფესტივალის ისტორიაში პირველად იღებდა მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდი დელეგაციით ესტუმრა. ფესტივალმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს - ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლა, რომლებმაც გამართეს სხვადასხვა ღონისძიებები და შეხვდნენ მკითხველებს. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრო.
წელს ფესტივალზე დარეგისტრირდა 70-მდე მონაწილე, რომლებმაც წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამა შესთავაზეს. დაგეგმილი იყო 100-მდე ღონისძიება, მათ შორის, ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, პანელ-დისკუსიები და კონცერტები. ამას გარდა, გამოვლიდნენ საუკეთესო ბლოგერები, მოეწყო კოსტუმირებული კარნავალი და, რაც მთავარია, წარდგნენ სპეციალურ სტუმრები. გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოში ჩამოვიდნენ და მკითხველებთან შეხვედრები გამართეს ცნობილმა თანამედროვე რუსმა მწერალმა, დრამატურგმა ვლადიმირ სოროკინმა, ნორვეგიელმა მწერალმა, ჟურნალისტმა, დიდი ნორვეგიული გამომცემლობის „კაპელენ დამის“ რედაქტორმა ბერნარ ლ. მორიმ და გერმანიაში აღიარებულმა ქართველმა მწერალმა, დრამატურგმა და თეატრის რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა. თინეიჯერებს კი განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ და "გამომცემლობა პალიტრა L" - მა საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ეწვია.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის კიდევ ერთი საინტერესო სიახლით წარდგა - პროექტი „მსახიობები ლიტერატურისათვის“ - სამი დღის განმავლობაში (1, 2 და 3 ივნისს) მე-11 პავილიონში კინოსა და თეატრის 25-მა ქართველმა მსახიობმა მკითხველთა წინაშე წარადგინეს წიგნები და გამართეს საჯარო კითხვა.
ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ტელეკომპანია "იმედი", ხოლო პროექტის „მსახიობები ლიტერატურისათვის“ - კომპანია „სილქნეტი“.