საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

წესდება

ააიპ

„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“

წესდება

 

სარჩევი

პუნქტები

1.     ზოგადი დებულებები....................................................................... 2

2.     ასოციაციის საქმიანობის მიზანი...................................................... 2

3.     საქმიანობის ფორმები....................................................................... 4

4.     ასოციაციის წევრობა......................................................................... 5

5.     საწევრო შენატანი.............................................................................. 6

6.     წევრობის შეწყვეტა............................................................................ 6

7.     ასოციაციის ხელმძღვანელობითი და მაკონტროლებელი ორგანოები................................................................................................. 7

8.     ასოციაციის წევრთა საერთო კრება.................................................. 7

9.     გამგეობა............................................................................................. 9

10.      ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე....................................... 11

11.      აღმასრულებელი დირექტორი.................................................... 12

12.      ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა............................................. 13

13.      ინტერესეთა პატივისცემის შესახებ............................................ 13

14.      მარეგულირებელი კანონმდებლობა........................................... 14

15.      იურისდიქცია............................................................................... 14

16.      გარდამავალი დებულებები........................................................ 14

 

 

 

1.           ზოგადი დებულებები

 

1.1           საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (ს/ნ: 202910252; შემდგომში „ასოციაცია/ორგანიზაცია“) წარმოადგენს  წევრობაზე დაფუძნებულ, არასამეწარმეო (არაკომერციული), არაპოლიტიკურ იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ამ წესდების (შემდგომში „წესდება“) და სხვა შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად.

1.2           ასოციაციას საკუთარი მიზნების მისაღწევად უფლება აქვს, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებით გათვალისწინებული.

1.3           ასოციაცია პასუხს არ აგებს თავისი წევრებისა და მასში დასაქმებული პირების ვალდებულებებზე, ხოლო წევრები და მასში დასაქმებული პირები –ასოციაციის  ვალდებულებებზე.

1.4           ასოციაციის ქონება შედგება წევრთა შენატანების, დონორთა შემოწირულობების, კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მიერ განხორციელებული დაფინანსების, მიღებული გრანტებისა და ნებისმიერი სხვა აქტივისაგან, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია ასოციაციის საკუთრებად, ან/და კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლებელია ჩაითვალოს ასოციაციის ქონებად.

1.5           ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.

1.6           ასოციაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

 

2.           ასოციაციის საქმიანობის მიზანი

2.1       ასოციაციის საქმიანობის მიზანია:

2.1           წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საერთო ინტერესების გამოხატვა და დაცვის ხელშეწყობა, თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით

2.2           გამოცემის თავისუფლების ხელშეწყობა;

2.3           საავტორო უფლებების დაცვის ხელშეწყობა;

2.4           წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების და კოლეგიალობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისა და დაცვის ხელშეწყობა.

2.5           წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორის, როგორც დარგის, წარმომადგენლობა ეროვნული და საერთაშორისო მაშტაბით;

2.6           წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდის, გავრცელებისა და გაყიდვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

2.7           ლიტერატურული პროცესის განვითარების ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2.8           ზრუნვა ნებისმიერი ასაკის ადამიანების წიგნიერების დონის ამაღლებაზე.

2.9           ზრუნვა ბავშვებსა და მოზარდებში განათლებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაზე.

2.10         წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების (გამომცემლების, გამავრცელებლების, ავტორების, მთარგმნელების, რედაქტორების, ილუსტრატორების, დიზაინერების, პოლიგრაფისტების, ბიბლიოთეკარების და ა. შ.) ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა.

2.11         მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის თარგმნის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

2.12         წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და შესაბამისი სოციალური ინსტიტუტების მხარდაჭერა.

2.13         ზრუნვა საქართველოში კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნაზე;

2.14         წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლებებისადმი;

2.15         დარგის საჭიროებების შესახებ სახელმწიფოს სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;

2.16         წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა, როგორც სექტორის, ლობირება;

2.17         საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და წევრებისათვის გაზიარება ტექნოლოგიური, სარეგულაციო, საგადასახადო თუ სხვა სახის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.

2.18         საერთაშორის ბაზარზე ასოციაციის წევრების ინტეგრირების ხელშეწყობა;

2.19         ასოციაციის დეკლარირებული მიზნის მისაღწევად თანამშრომლობა დარგობრივ და ბიზნესასოციაციებთან, ბიზნესგაერთიანებებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან, საექსპერტო წრეებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მედიასთან და სხვა ნებისმიერი სახის საჯარო, თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;

2.20         დარგში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება;

2.21         ფართო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ბიზნესპროცესების, დარგობრივი პრობლემებისა და წარმატებების შესახებ;

2.22         ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან კანონით გათვალისწინებულ ლიცენზირებად საქმიანობას ასოციაცია ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების საფუძველზე.

2.23         სამეწარმეო საქმიანობა, თუ მისი შედეგი ხმარდება ასოციაციის ზემოხსენებული არაკომერციული მიზნის განხორციელებას.

 

3.           საქმიანობის ფორმები

 

3.1           წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

3.2           ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საგამომცემლო და მომიჯნავე სფეროების საქმიანობის მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტებთან.

3.3           თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან.

3.4           ეწევა საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას  სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორში.

3.5           აწყობს სემინარებს, გამოფენებსა და კონფერენციებს, ახორციელებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სხვა აქტივობებს ასოციაციის მიზნების შესაბამისად.

3.6           ორგანიზებას უწევს სხვადასხვა პროექტებს საბიბლიოთეკო საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით.

3.7           ორგანიზებას და პოპულარიზაციას უწევს ეროვნულ და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს, ფესტივალებს, წიგნისა და საავტორო უფლებათა დღის აღნიშვნას, წიგნთან დაკავშირებულ სხვა პროფესიულ ღონისძიებებს  და ხელს უწყობს მათში ქართველ გამომცემელთა თუ გამავრცელებელთა მონაწილეობას.

3.8           გეგმავს და ახორციელებს ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომლის მიზანია ასოციაციის დეკლარირებული მიზნის მიღწევა

 

4.           ასოციაციის წევრობა

 

4.1           ასოციაციის წევრი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საგამომცემლო საქმიანობა ან/და წიგნის გავრცელება/წიგნით ვაჭრობა, რომელიც ეთანხმება წესდებას და იზიარებს ასოციაციის მიზნებს.

4.2           ასოციაციის წევრად ითლება პირი, რომელიც ასოციაციის გამგეობის მიერ შემუშავებული წერილობითი ფორმით, გამოთქვამს ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი, რაც თავის მხრივ დაკმაყოფილდება გამგეობის გადაწყვეტილებით;

4.3           გამგეობის გადაწყვეტილება, პირის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ, მიიღება გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით;

4.4           გამგეობის გადაწყვეტილებით დასაშვებია პირის ასოციაციის საპატიო წევრად მიღება, აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდება 4.1 მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

4.5            „საპატიო წევრი“-ს სტატუსი არ წარმოშობს წესდებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;

4.6           ასოციაციის წევრთა სია შესაძლოა გამოქვეყნდეს ასოციაციის ვებ-გვერდზე.

 

4.7         ასოციაციის წევრს  უფლება აქვს:

 

4.7.1.      მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ.

4.7.2.      ხმის მიცემის უფლებით, მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის წევრთა საერთო კრების მუშაობაში;

4.7.3.      ისარგებლოს ასოციაციის მიერ წევრთათვის მიწოდებული სერვისებით;

4.7.4.      მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სწავლებებში;

4.7.5.      იყოს არჩეული ან/და დანიშნული ასოციაციის მმართველ ორგანოებში.

4.7.6.      მოითხოვოს საწევრო გადასახადის გადახდის გადავადება;

4.7.7.      პირადი განცხადების საფუძლზე გავიდეს ასოციაციიდან;

4.7.8.      მოითხოვოს ასოციაციის წევრთა  კრების მოწვევა; მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას წარდგენილი, ერთვოდეს არანაკლებ ხმის უფლების მქონე წევრთა 30%-ის  თანხმობა და შეიცავდეს განსახილველ დღის წესრიგის საკითხებს. ასოციაციის გამგეობა ვალდებულია, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა მოიწვიოს საერთო კრება. 

4.7.9.      მიიღოს მონაწილეობა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წევრთა საერთო კრების მუშაობაში, გამოთქვას აზრი განსახილველ საკითხებზე, მხარი დაუჭიროს ან/და უარყოს განსახილველი საკითხი.

 

4.8         ასოციაციის წევრი ვალდებულია:

 

4.8.1.      გადაიხადოს საწევრო შენატანი, გამგეობის მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად;

4.8.2.      არ მოიმოქმედოს არაფერი, რაც ეწინააღმდეგება ასოციაციის დეკლარირებულ მიზნებს ან/და ჩრდილს აყენებს ასოციაციის საქმიან რეპუტაციას;

4.8.3.      პატივი სცეს ასოციაციის წევრთა ინტერესებს;

4.8.4.      პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ასოციაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით.

4.8.5.      ხელი შეუწყოს ასოციაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;

4.8.6.      დაიცვას კონფიდენცილური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ასოციაციაში წევრობის შედეგად;

4.8.7.      მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის წევრთა საერთო კრების მუშაობაში;

4.8.8.      ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღისა,  მიაწოდოს ასოციაციას ინფორმაცია, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილების შესახებ;

 

5.           საწევრო შენატანი

 

5.1           საწევრო შენატანი წარმოადგენს ფულად თანხას, რომლის გადახდაც წევრის მიერ ხდება ასოციაციის სასარგებლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ  გამგეობა არ დაადგენს  შენატანის შევსების  სხვა ფორმასაც;

5.2           ასოციაციის წევრთა საწევრო შენატანის ოდენობა და შეტანის ვადა დგინდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე;

5.3           წევრს, რომელსაც არ აქვს გადახდილი საწევრო შენატანი არ სარგებლობს წევრთა საერთო კრებაზე ხმის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამეობა დაადგენს გადაუხდელობის საპატიოობას;

 

6.           წევრობის შეწყვეტა

 

6.1           ასოციაციის წევრს უფლებამოსილება შესაძლოა შეუწყდეს:

6.1.1       პირადი განცხადების საფუძველზე.

6.1.2       საწევრო გადასახადის (შენატანის) გადაუხდელობის შემთხვევაში;

6.1.3       საქმიანობის სფეროს ცვლილების შემთხვევაში.

6.1.4       წევრის ლიკვიდაციის (ფიზიკური პირის გარდაცვალების ან/და მისი ქმედუუნაროდ ან/და შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების) შემთხვევაში.

6.1.5       წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების, ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო ქმედებისთვის.  

6.1.6       თუ წევრი არღვევს პროფესიული ეთიკის ნორმებს ან/და არ ასრულებს მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებებს.

 

7.           ასოციაციის ხელმძღვანელი და მაკონტროლებელი ორგანოები

 

7.1           ასოციაციის ხელმძღვანელი/მაკონტროლებელი ორგანოებია: წევრთა საერთო კრება, ასოციაციის გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

7.2           ასოციაციის ცალკეული მიზნის მისაღწევად შესაძლებელია შეიქმნას კომისიები, კომიტეტები და ასოციაციის სხვა ახალი სტრუქტურული ერთეულები;

 

8.           ასოციაციის წევრთა საერთო კრება

8.1           ასოციაციის მმართველობის ძირითად რგოლს წევრთა საერთო კრება წარმოადგენს.

8.2           ასოციაციის წევრთა საერთო კრებაში მონაწილეობენ ასოციაციის ხმის უფლების მქონე წევრები.

8.3           ასოციაციის წევრთა საერთო კრება შეიძლება იყოს მორიგი და რიგგარეშე.

8.4           კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა და ადგენს კრების ჩატარების დროსა და თარიღს.

8.5           კრება შეძლება გაიმართოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ამასთან შერჩეული ადგილი გაუმართლებლად არ უნდა ართულებდეს წევრის დასწრებას საერთო კრებაზე.

8.6           ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძელზე, ასოციაციის წევრთა საერთო კრება შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, ელექტრონული (ტელე/ვიდეო/აუდიო) კავშირის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, რომელიც იძლევა განსახილველ საკითხთან დაკავშრებით პოზიციის დაფიქსირებისა და კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობას ან/და წევრთა პოზიციის დისტანციურად ელექტრონულ ფოსტაზე, წერილობითი საშუალებით გამოკითხვის გზით; კრების 8.6 მუხლით გათვალისწინებული წესით ჩატარების შემთხვევაში დგება კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე;

8.7           წევრთა საერთო კრებაზე, თითოეულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით;

8.8           ასოციაციის წევრს წევრთა საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება წარმოეშობა ასოციაციაში გაწევრიანებიდან ერთი წლის შემდეგ;

8.9           ასოციაციის ურთიერთდაკავშირებულ სუბიექტების ჯგუფს (პირდაპირ ან/და ირიბად), წევრთა საერთო კრებაზე სარგებლობს ერთი ხმის უფლებით;

8.10        ასოციაციის წევრები ურთიერთდაკავშირებულად განიხილებიან, თუ  პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები) ან/და ერთ საწარმოში დასაქმებულები, ერთი პირი პირდაპირ ან/ და არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე  საწარმოს საქმიანობაში, ერთი პირი ახორციელებს მეორე საწარმოს კონტროლს, ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან; ზემოხსენებული წესი ვრცელდება ასევე იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთ ორგანიზაციებში, რომელთა შორისაც იკვეთება ზემოხსენებული დამოკიდებულება;

8.11        ასოციაციის წევრთა საერთო კრებას თავმჯდომარეობს გამგეობის თავმჯდომარე, მისი არ ყოფნის შემთხვევაში, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კრების თავმჯდომარეს დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით ირჩევს წევრთა საერთო კრება;

8.12        ასოციაციის წევრთა მორიგი საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ, ყოველი კალენდარული წლის არაუადრეს მარტის და არაუგვიანეს ნოემბრის თვისა;

8.13        ასოციაციის წევრთა მორიგ კრებაზე განიხილება ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარისა და დირექტორის ანგარიში, ასოციაციის წინა წლის საქმიანობასა და საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით;

8.14        ასოციაციის მორიგი კრების დღის წერსიგს, გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია განსახილველად დაემატოს სხვა საკითხებიც;

8.15        ასოციაციის გამგეობის, გამგეობის თავმჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორის, ან/და ასოციაციის ხმის უფლების მქონე წევრთა 30%-ის ინიციატივით, შესაძლებელია წევრთა რიგგარეშე კრების მოწვევა;

8.16        რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნა ასოციაციის გამგეობას უნდა წარედგინოს წერილობით და შეიცავდეს  დღის წესრიგის განსახილველ საკითხებს. ასოციაციის გამგეობა ვალდებულია, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მოიწვიოს საერთო კრება.

8.17        რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნის უფლება წარმოიშვება ბოლო კრების ჩატარებიდან არაუადრეს 6 თვისა.

8.18        რიგგარეშე კრების მოწვევის დამატებითი წინაპირობა შესაძლებელია გახდეს 2-ზე მეტი ვაკანტური ადგილის არსებობა ასოციაციის გამგეობაში; აღნიშულ შემთხვევაში, გამგეობის თავმჯდომარე, ვაკანსიის გამოვლენიდან არაუგვიანეს ორი თვისა ახორციელებს საერთო კრების მოწვევას;

8.19        რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადასაწყვეტი საკითხის (საკითხების) ფორმულირებას და ამ საკითხის სავარაუდო გადაწყვეტის კონკრეტულ ფორმულირებასაც.

8.20        ასოციაციის კრების მოწვევის თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება წევრებს უნდა გაეგზავნოს, სულ მცირე, 14 (თოთხმეტი) დღით ადრე კრების ჩატარებამდე მოსაწვევის გაგზავნით (წერილობით ან/და ელექტრონულ ფორმატში ელექტრონულ ფოსტაზე), ან/და ინფორმაცია კრების შესახებ იმავე ვადაში უნდა განთავსდეს ასოციაციის ინტერნეტგვერდზე.

8.21        წევრთა საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც კრებაზე ფიზიკურად დასწრებით, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის არსებობის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციის მეშვეობით (ელექტრონული ფორმატით).

8.22        საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარია და კვორუმი შემდგარია, თუ კრებას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ 51%-ისა.

8.23        თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ იმავე დღის წესრიგით ხორციელდება წევრთა განმეორებითი კრების მოწვევა; განმეორებითი კრება მოიწვევა პირველი კრების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში; განმეორებითი კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, მიუხედავად წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე წევრთა რაოდენობისა;

8.24        წევრთა საერთო კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ დგება კრების ოქმი. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და კრების მდივანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შეიძლება დაინიშნოს თავმჯდომარის მიერ. ოქმი ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული წევრისთვის.

8.25        წევრი უფლებამოსილია კრებაზე წარმოდგენილი იქნას მესამე პირის მეშვეობით მინდობილობის საფუძველზე.

8.26        წევრთა საერთო კრება განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე:

8.26.1.   ასოციაციის საქმიანობისა  და მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა ან შეცვლა;

8.26.2.   ასოციაციის ლიკვიდაცია;

8.26.3.   ასოციაციის წესდების დამტკიცება ან/და შეცვლა.

8.26.4.   გამგეობის  წევრების არჩევა;

8.26.5.   გამგეობის თავმჯდომარის არჩევა;

8.26.6.   გამგეობის წევრთა ვადამდე განთავისუფლება დაკავებული პოზიციიდან, მათ მიერ წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღევის შემთხვევაში.

8.27.       ყველა სხვა საკითხზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებებს იღებენ გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

8.28.       გადაწყვეტილების მიღება წევრთა საერთო კრებაზე ხორციელდება დამსწრეთა 51%-იანი თახმობის საფუძველზე.

 

9.           გამგეობა

 

9.1.          გამგეობის წევრებს ორი წლის ვადით ირჩევს ასოციაციის წევრთა საერთო კრება.

9.2.          გამგეობა შედგება 6 წევრისა და გამგეობის თავმჯდომარისგან, რომელიც მე-7 წევრის სტატუსით, ხმის უფლებით, მონაწილეობს გამგეობის სხდომებში;

9.3.          ასოციაციის ერთ წევრ სუბიექტს, ასოციაციის გამგეობაში შესაძლებელია ჰყავდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი; ამასთან დაუშვებელია ურთიერთდაკავშირებული სუბიექტების ჯგუფს (პირდაპირ ან/და ირიბად), გამგეობაში ჰყავდეს ერთზე მეტი წარმომადგენელი;

9.4.          ასოციაციის წევრები ურთიერთდაკავშირებულად განიხილებიან, თუ  პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები) ან/და ერთ საწარმოში დასაქმებულები, ერთი პირი პირდაპირ ან/ და არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე  საწარმოს საქმიანობაში, ერთი პირი ახორციელებს მეორე საწარმოს კონტროლს, ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან; ზემოხსენებული წესი ვრცელდება ასევე იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთ ორგანიზაციებში, რომელთა შორისაც იკვეთება ზემოხსენებული დამოკიდებულება;

9.5.          გამგეობის სხდომები იმართება ყოველთვიურად.

9.6.          გამგეობის მორიგი სხდომის შესახებ გამგეობის წევრებს და სხდომაში მონაწილე პირებს უნდა ეცნობოთ სხდომამდე არაუგვიანეს სამი დღისა. ეს პირები თავის მხრივ, უფლებამოსილნი არიან,  გამგეობის სხდომამდე არაუგვაინეს ორი დღისა, მოითხოვონ სხდომის დღის წესრიგისთვის მათთვის საინტერესო საკითხ(ებ)ის განხილვის დამატება;

9.7.          გამგეობის სხდომას იწვევს და მისი ჩატარების თარიღსა და დროს განსაზღვრავს გამგეობის თავმჯდომარე ან/და აღმასრულებელი დირექტორი და ამავე დროს ადგენს სხდომების დღის წესრიგს;

9.8.          გამგეობის წევრების ინფორმირება გამგეობის სხდომის ჩატარების დროისა და დღის წერიგის შესახებ შესაძლებელია კომუნიკაციის ნებისმიერი (მათ შორის ელექტრონული) საშუალებით, რომელიც იძლევა ინფორმირების მიწოდების დადასტურების შესაძლებლობას;

9.9.          გამგეობის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნა გადაეცემა გამგეობის თავმჯდომარეს ან/და აღმასრულებელ დირექტორს, სხდომაზე განსახილველი საკითხების (დღის წესრიგის) ფორმულირებასთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა იწვევს გამგეობის რიგგარეშე სხდომას;

9.10.       გამგეობის რიგგარეშე სხდომები მოიწვევა გამგეობის თავმჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორის ან გამგეობის, სულ მცირე, ოთხი წევრის ინიციატივით.

9.11.       გამგეობის სხდომებს უძღვება/თავმჯდომარეობს გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, გამგეობის წევრთაგან, 2 წლის ვადით ირჩევს თავად გამგეობა.

9.12.       გამგეობის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც კრებაზე ფიზიკურად დასწრებით, ასევე, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის არსებობის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციის მეშვეობით (ელექტრონული ფორმატით).

9.13.       გამგეობა უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის ოთხი წევრი მაინც.

9.14.       გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ საკითხს მხარს უჭერს დამსწრეთა უმრავლესობა;

9.15.       შესაბამისი აუცილებლობის არსებობისას, მისაღები გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე,  დგება გამგეობის სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე. დანარჩენ შემთხვევებში  გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე დგება სხდომათა მსვლელობის აუდიო ჩანაწერი ან/და აუდიო ვიდეო ჩანაწერი  .

9.16.       ასოციაციის გამგეობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე:

9.16.1.   ასოციაციის მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, არასაბაზრო პირობებით, ნებისმიერი კონტრაქტის ან ტრანზაქციის გაფორმება;

9.16.2.   გამგეობის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

9.16.3.   ისმენს აღმსრულებელი დირექტორის ანგარიშს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ; განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, გამგეობის სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნან ასოციაციის სტრუქტურული ერთეულის ცალკეული თანამშრომლები;

9.16.4.   ასოციაციის უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან/და უფლებრივი დატვირთვა;

9.16.5.   წლიური ანგარიშის დამტკიცება.

9.16.6.   კრედიტის აღება.

9.16.7.   ასოციაციის ქონების უფლებრივად დატვირთვა.

9.16.8.   ასოციაციის მიერ თავდებად დადგომა.

9.16.9.   პირის ასოციაციის წევრად მიღება.

9.16.10.პირის ასოციაციის საპატიო წევრად მიღება

9.16.11.წევრად მიღების განაცხადის ფორმის დამტკიცება;

9.16.12.გამაფრთხილებელი წერილით მიმართავს ასოციაციის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ასევე თავს არიდებს საწევრო შენატანის გადახდას.

9.16.13.ასოციაციის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

9.16.14.საწევრო გადასახადის, მისი ოდენობის, გადახდის წესისა და პერიოდის განსაზღვრა.

9.16.15.შესაბამისი საპატიო საფუძვლის არსებობისას, მოთხოვნის შემთხვევაში, საწევრო შენატანის გადახდის გადავადება;

9.16.16.შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს.

9.16.17.ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად.

9.16.18.ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს.

9.16.19.წყვეტს ასოციაციის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს.

9.16.20.იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის რეგიონული ერთეულების, ფილიალების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს.

9.16.21.ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის თავმჯდომარის, მისი მოადგილის ან/და აღმასრულებელ დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მათ მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების, ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო ქმედებისთვის. ასეთ შემთხვევაში ერთი თვის ვადაში წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული წესით, ხელახლა აირჩევა ასოციაციის გამგეობის ახალი თავმჯდომარე, მოადგილე ან/და აღმასრულებელი დირექტორი.

9.16.22.აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს.

9.16.23.წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

 

10.         ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

10.1        ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს ასოციაციის წევრთა საერთო კრება.

10.2        პირი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარედ შესაძლებელია, არჩეული იყოს ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადისა.

10.3        გამგეობის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ასოციაციის ნებისმიერ წევრს.

10.4        გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს საერთო კრების მონაწილეთა ყველაზე მეტ ხმას;

10.5        იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილზე გასული კანდიდატის გამოვლენა შეუძლებელია რამდენიმე კანდიდატის მიერ დაგროვილ ხმათა თანაბარი  რაოდენობის გამო, მაშინ იმართება გამგეობის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობენ პირველ ადგილზე გასული კანდიდატები; იმ შემთხვევაში, თუ ხმათა რაოდენობა გაიყოფა არჩევნების მეორე ტურშიც, გამგეობის თავმჯდომარის გამოვლენა მოხდება მეორე ტურში პირველ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის წილისყრით;

10.6        გამგეობის ახლად არჩეული თავმჯდომარე გამგეობას წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას.

10.7        ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება გამგეობის ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე.

10.8        ასოციაციის თავჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე  შეწყვეტის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე, ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით, იწვევს ასოციაციის წევრთა საერთო კრებას, ამასთან კრება უნდა ჩატარდეს უფლემოსილების შეწყვეტიდან არაუგვაინეს ერთი თვის ვადაში;

10.9       ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე:

10.9.1    უზრუნველყოფს გამგეობისა და წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას;

10.9.2    ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას.

10.9.3    განიხილავს და იღებს წინასწარ გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რაც წინამდებარე წესდების თანახმად მოითხოვს გამგეობის თანხმობას.

10.9.4    კომპეტენციის ფარგლებში, ერთპიროვნულად მართავს ასოციაციას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

10.9.5    კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ასოციაციის სახელით დადებულ გარიგებებს.

10.9.6    ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას.

10.9.7    ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს.

10.9.8    გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას.

10.9.9    აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე (არყოფნისას, ან სხვა აუცილებლობისას) ასრულებს მის ფუნქციებს.

10.9.10  წევრის უფლებამოსილებით მონაწილეობს გამგეობის სხდომაში და უძღვება მას;

10.9.11  ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

10.9.12  გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში შედის ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რაც კანონმდებლობითა და წესდებით არ განეკუთვნება წევრთა საერთო კრების, გამგეობისა და აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციას.

10.9.13  იღებს გადაწყვეტილებებს ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელიც დროდადრო, შესაძლოა, დაევალოს თავმჯდომარეს გამგეობისა და წევრთა საერთო კრების მიერ;

10.9.14  ვალდებულია, არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;

10.9.15  ვალდებულია, არ გამოიყენოს პირადი სარგებლობის მისაღებად ასოციაციის ქონება და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოპოვებული ინფორმაცია;

 

11.         აღმასრულებელი დირექტორი

 

11.1         აღმასრულებელ დირექტორს, 3 წლის ვადით, გამგეობის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, ნიშნავს  ასოციაციის  გამგეობა.

11.2         აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებით და ინდივიდუალური ხელშეკრულებით.

11.3         აღმასრულებელ დირექტორთან იდება ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

11.4         აღმასრულებელი დირექტორი:

11.4.1    უძღვება ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას, პასუხისმგებელია წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში, წესდებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად, ასოციაციის საქმიანობის წარმართვაზე.

11.4.2    კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გამგეობისა და წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას;

11.4.3    იღებს გადაწყვეტილებებს პერსონალის შერჩევის, განთავისუფლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ანაზღაურების საკითხებზე და ხელს აწერს მათთან დასადებ შესაბამის გარიგებას;

11.4.4    კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

11.4.5    წარმართავს ასოციაციის საქმიანობას, გარდა საერთო კრების, გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა.

11.4.6    გაწეული საქმიანობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს გამგეობას.

11.4.7    გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, დამოუკიდებლად განკარგავს ასოციაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას.

11.4.8    ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს და მათი განხორციელების გეგმას.

11.4.9    ასოციაციის სახელით, დებს ხელშეკრულებებს პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

11.4.10  გამგეობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს.

11.4.11  გამგეობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს.

11.4.12  უზრუნველყოფს საერთო კრების ოქმების შედგენას და წევრთა შორის გავრცელებას, გამგეობის სხდომათა ოქმების შედგენას და გამგეობის წევრთა შორის გავრცელებას;

 

12.         ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა

 

12.1         ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც საჭიროებს წევრთა სამი მეოთხედის თანხმობას

12.2         ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება განაწილდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12.3         ასოციაციის ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

 

13.         ინეტერესთა პატივისცემის შესახებ

 

13.1         ასოციაცია წარმოადგენს საერთო სასარგებლო მიზნის მისაღწევად შექმნილ იურიდიულ პირს; მასში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ამასთან, გაწევრიანების შემთხვევაში წევრები კისრულებენ ვალდებულებას, პატივი სცენ როგორც ერთმანეთის საქმიან ინტერესებს, ასევე ასოციაციის დეკლარირებულ მიზნებს და არაფერი მოიმოქმედონ აღნიშნული მიზნების განხორციელების დასაბრკოლებლად.

ყოველგვარი ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით, ვადასტურებთ, რომ ასოციაციის წევრობა არ ანიჭებს წევრებს  ასოციაციის სხვა წევრების ან/და ასოციაციის სახელით საჯარო განცხადებების კეთების უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტის, ან/და ასოციაციაში შესაბამისი თანამდებობის დაკავების საფუძელზე, რომელიც წევრს ანიჭებს უფლებამოსილებას, წარმოადგინოს ასოციაცია მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

14.         მარეგულირებელი კანონმდებლობა

 

წესდებიდან ან/და ასოციაციის წევრობიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან სარჩელი რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

15.         იურისდიქცია

 

წესდებიდან ან/და ასოციაციის წევრობიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავის ან სარჩელის  გადაწყვეტაზე საქართველოს სასამართლოებს ექნებათ ექსკლუზიური იურისდიქცია. შესაბამისად, საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წესდებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

16.         გარდამავალი დებულებები

 

16.1         წესდება შედგენილია ქართულ ენაზე და წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის დოკუმენტს ასოციაციის ყველა წევრისა და სტრუქტურული ერთეულისთვის;

16.2         პირის ორგანიზაციაში ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება ავტომატურად განიხილება ამ პირის თანხმობად, მის მიერ წესდებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გაზიარებასთან დაკავშირებით.

16.3         თუ წესდებით სხვაგვარად არ არის დადგენილი, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ასოციაციის წევრებსა თუ სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის შეიძლება მიმდინარეობდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფორმით. ასოციაციის წევრები ვალდებულნი არიან, ასოციაციას მიაწოდონ ელექტრონული ფოსტის მისამართები, რომლებზეც სურთ ასოციაციიდან კორესპონდენციის მიღება.

16.4         აღნიშნულ მისამართებზე ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება დადასტურებისთანავე. დადასტურების არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება გაგზავნიდან მეორე სამუშაო დღეს.

16.5         ელექტრონული ფოსტ(ებ)ის ცვლილების შემთხვევაში ასოციაციისთვის აღნიშნულზე ინფორმაციის მიწოდების პასუხისმგებლობა ეკისრება ასოციაციის შესაბამის წევრს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასოციაციის ხელთ არსებულ ბოლო მისამართზე გაგზავნილი შეტყობინებები ჩაითვლება წევრის მიერ მიღებულად.

 

ააიპ „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია“

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები