სიახლეები
ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ სტენდზე ოფიციალური მიღება გაიმართა
ლონდონის წიგნის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს ეროვნულ სტენდზე (5D118) საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი მიღება გაიმართა.
ოფიციალურ მიღებას ესწრებოდნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 2019 წლის 12-14 მარტს საგამოფენო ცენტრ „ოლიმპიაში“ გაიმართა, საქართველო ეროვნული სტენდით წარდგა - პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველომ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა და
ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს ეროვნულ სტენდზე 170-მდე ქართული გამოცემის, ცალკეულ გამომცემელთა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კატალოგების დათვალიერება იყო შესაძლებელი.