საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე.
 

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ჰიუგო ზეტცერი - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოსე ბორგინო - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვილმარ დიპგრონდი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე, ჯაუმე ვიცენსი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარის მოადგილე.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2019 წლის 30 მაისს, 13:00-ზე „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტისა და მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლის ჰიუგო ზეტცერის მონაწილეობით.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაციის მონაწილეობით, ფესტივალის ფარგლებში, ქართველ საგამომცემლო პროფესიონალებთან ერთად იგეგმება ერთდღიანი კონფერენციაც, რომელზეც განხილული იქნება ქართული თუ მსოფლიო საგამომცემლო სფეროს ყველაზე აქტუალური საკითხები.


გასული წლის მსგავსად 2019 წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე
დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები – ფესტივალს წელს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ეყოლება. ფესტივალი დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს.


ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ეყოლება ფოკუს ქვეყანა და 2019 წელს ამ სტატუსით ფინეთი ისარგებლებს. ფოკუს ქვეყნის პროგრამა განხორციელდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული ორგანიზაციის, ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდ „ფილის“ (FILI-Finnish Literature Exchange) ორგანიზებით. 2014 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი – “Finnland. Cool.” – სწორედ „ფილის“ ხელმძღვანელობით განხორციელდა და ფინეთი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საპატიო სტუმარ ქვეყნად ითვლება. 2019 წელს, აღნიშული პროექტის 5 წლის თავზე ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდს დაგეგმლი აქვს ღონისძიებების სერია სლოგანით - „ჩაუყარე საძირკველი მომავალს“ (“build a structure for the future“). სწორედ ამ ღონისძიებების სერიის ფარგლებში განხორციელდება თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის პროექტიც.

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ფინელი მწერლები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი. ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები გამართავენ შეხვედრებსა და პანელ დისკუსიებს ქართველ მწერლებთან ერთად.

ფინეთის, როგორც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის პროექტის ფარგლებში თბილისს ასევე ეწვევა ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ფინურ-შვედური გამომცემლობის Forlaget ხელმძღვანელი ფრედრიკ რაჰკა, რომელიც გახლავთ საქართველოში კარგად ცნობილი საბავშვო მწერლის ტუვე იანსონის გამომცემელი და „მუმინ ჩერიქთერზის“ (Moomin Characters) საგამომცემლო დირექტორი. ფესტივალის ფარგლებში ფრედრიკ რაჰკა გამართავს შეხვედრას, სადაც ისაუბრებს ტუვე იანსონისა და „მუმინების“ თავგადასავლისა და წარმატების შესახებ.

უკვე ცნობილია 2020 წლის, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანაც - ამ სტატუსს თურქეთი 2 ივნისს, წლევანდელი ფესტივალის დასკვნით დღეს, ფინეთისგან საზეიმოდ ჩაიბარებს. თურქეთს, როგორც ფოკუს ქვეყანას 2020 წელს თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტი წარადგენს.

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას V პავილიონში დამთვალიერებელს დახვდება ქართველი და ლიეტუელი ილუსტრატორების ილუსტრაციების და წიგნების გამოფენა - ,, ნახატის ენა“. გამოფენა ერთგვარი ანარეკლია ორი ერისა, რომელიც წარმოდგენილია თანამედროვე საბავშვო წიგნებსა და მათ ილუსტრაციებში. იგი წარმოადგენს ბოლო წლების საბავშვო წიგნების ილუსტრაციებს, რომლებიც განკუთვნილია ლიეტუველი და ქართველი ბავშვებისათვის. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 32 ავტორი - 15 ლიეტუვიდან და 17 საქართველოდან, წარმოდგენილი იქნება ასამდე ინდივიდუალური საილუსტრაციო ნამუშევარი.
 

პროექტი ხორცილედება პროგრამის „კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა - საქართველო ევროპაში/ევროპა საქართველოში“ ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში აქტიური ჩართულობით და სტუდია ,,ილუსტრატორის“ ორგანიზებით.
 

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში მე-11 პავილიონში პროექტით „მსახიობები ლიტერატურისთვის“ წიგნის მოყვარულებს კინოსა და თეატრის მსახიობები უმასპინძლებენ, წარადგენენ წიგნებს და გამართავენ საჯარო კითხვას.

ფესტივალის მთავარ სცენაზე ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად გაიმართება უამრავი ღონისძიება. სპეციალური პროგრამა გელოდებათ ფესტივალის საბავშვო, VI პავილიონში. ღონისძიებების ზუსტი განრიგი წიგნის მოყვარულებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.

პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ წარმდგენია „სილქნეტი“.

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯია

მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები