სიახლეები
თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ჰიუგო ზეტცერი გახსნის
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 2018 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მოწვევით, თბილისს ეწვევა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ჰიუგო ზეტცერი - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოსე ბორგინო - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვილმარ დიპგრონდი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე, ჯაუმე ვიცენსი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარის მოადგილე.
2019 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, 30 მაისს სწორედ ჰიუგო ზეტცერის, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტისა და მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლის მონაწილეობით გაიხსნება. გარდა ამისა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაციის მონაწილეობით, ფესტივალის ფარგლებში, ქართველ საგამომცემლო პროფესიონალებთან ერთად იგეგმება ერთდღიანი კონფერენციაც, რომელზეც განხილული იქნება ქართული თუ მსოფლიო საგამომცემლო სფეროს ყველაზე აქტუალური საკითხები.
შეგახსენებთ, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომელიც 1896 წელს პარიზში დაფუძნდა და რომლის სათაო ოფისი ამჟამად ჟენევაში, შვეიცარიაში მდებარეობს, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ლობირებს და იცავს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კერძო პირების უფლებებს და 70 ქვეყნის 80-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც საკონსულტაციო თანამშრომლობა აქვს გაეროსთან და პოპულარიზაციას უწევს და იცავს მთელ მსოფლიოში გამოცემის თავისუფლებას და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ასპექტს - გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ხელს უწყობს წიგნიერებისა და წიგნის კითხვის გავრცელებას.