სიახლეები
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორთა საგანგებო მიმართვა
ძვირფასო ფესტივალის მონაწილეებო, პარტნიორებო, დამთვალიერებლებო!
დღეს, როდესაც მთელი სამყარო უმძიმეს პანდემიას ებრძვის, ყოველდღიურად უამრავ ელექტრონულ წერილს ვიღებთ შეკითხვით, რა ბედი ელის თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალს, რომლის წლევანდელი ოფიციალური თარიღებია 28-31 მაისი. პირველ რიგში, ფესტივალის ორგანიზატორის, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ფესტივალის მიმართ ყოველდღიურად გამოხატავთ. მადლობა, რომ წლიდან წლამდე ასეთი დიდი სიხარულით ელით მაისის ფესტივალის დადგომას. და რადგანაც უამრავი კითხვა დაგროვდა, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ პირველადი ინფორმაცია მოგაწოდოთ ფესტივალის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
კოვიდ 19-ის მასშტაბურ გავრცელებასთან ერთად, უკვე მარტის თვიდან მთელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, არაერთი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა თუ სხვა ლიტერატურული ღონისძიება ჩაიშალა. ბუნებრივია, ჩვენც ყოველდღიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ისიც გააზრებული გვაქვს, რომ მაისის თვე არც ისე შორსაა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე დროში მოახერხოს სრულად დაამარცხოს უხილავი მტერი, რომელიც დღეს მთელ სამყაროს უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, სრულად ვიზიარებთ ამჟამად ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ სოციალური დისტანცირება დღეს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია!
თუმცა, გამომცემელთა ასოციაცია ჯერჯერობით არ ჩქარობს ფესტივალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რაც განპირობებულია იმით, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯით ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ჩვენი ფესტივალის მონაწლეებთან, პარტნიორებთან და დამთვალიერებლებთან. ამდენად გვსურს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ფესტივალის გადადებასთან დაკავშირებით, თუ ასეთის საჭიროება დადგება, გამყარებული და დასაბუთებული იყოს ღონისძიებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, აპრილის მიწურულს არსებული სიტუაციით. გარდა ამისა, ფესტივალის გადადების აუცილებლობის შემთხვევაშიც, გაცილებით სტრატეგიულად მიგვაჩნია, თუ ახალ თარიღებს გამოვაცხადებთ მაშინ, როდესაც, იმედს ვიტოვებთ, მეტ-ნაკლები საშუალება გვექნება გრძელვადიანი პროგნოზის გასაკეთებლად და ახალი თარიღების ზუსტად განსასაზღვრად. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს. აქვე, ჩანართის სახით, რეგიონების ბიბლიოთეკების საყურადღებოდ დავძენთ, რომ ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტიც, რომელიც ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, გაიმართება ძველ ან ახალ თარიღებში ფესტივალის დასრულებიდან ორი კვირის შუალედში.
აქვე, გვსურს ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ფესტივალის სრულად ჩაშლის სცენარს. რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ყველა პარტნიორს, რადგან მათი მხარდაჭერისა და საერთო თანხმობის გარეშე ფესტივალის სხვა თარიღებში გადადება ძალიან ბევრ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული. მადლობა ყველა პარტნიორ კერძო კომპანიას და განსაკუთრებით კი, ფესტივალის ტრადიციულ მასპინძელ „ექსპო ჯორჯიას“, რომელმაც გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარება და ფესტივალის გადადების საჭიროების შემთხვევაში, დაგვპირდა, რომ თავის სივრცეს, სურვილისამებრ, ივნისში ან სექტემბერში დაგვითმობს.
აქვე დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფო ორგანიზაციასაც, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ფესტივალის უცვლელი პარტნიორია, იმისთვის, რომ ისინიც მხარს უჭერენ 2020 წლის ფესტივალის გადარჩენის გეგმას, თუმცა, ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობას და მათგან მიღებული ოფიციალური რეკომენდაციების საფუძველზე ვიმოქმედებთ. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და ძვირფასი პროექტია, დღეს ჩვენთვის ჩვენი ფესტივალის მონაწილეების, პარტნიორებისა და დამთვალიერებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია!
სწორედ ამიტომ, ვუერთდებით ჩვენი მედიკოსების მოწოდებას, გთხოვთ ყველას, #დარჩითსახლში, გადაარჩინეთ საკუთარი და სხვების სიცოცხლე და შემდეგ კი, კორონავირუსზე ჩვენი საერთო გამარჯვება 2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ერთად ვიზეიმოთ!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა ჯობავა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე