საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნის მსოფლიო დღე - ავტორების, გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების მოწოდება საერთაშორისო მხარდაჭერისთვის

ჟენევა, 23 აპრილი, 2020 

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი წიგნის გლობალური ინდუსტრიის წარმომადგენლები, მოვუწოდებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, შეიმუშავონ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები, რითაც აღიარებენ, მხარს დაუჭერენ და ხაზს გაუსვამენ წიგნების, სხვადასხვა სასწავლო მასალებისა და პროფესიული სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელობას, რათა ამ გზით შეინარჩუნონ და დაიცვან შესაბამისი საგამომცემლო სექტორები და მათი არსებობისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი სუბიექტები.

დღეს, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დღეს, ჩვენ ვაღიარებთ წიგნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ცხოვრებაში. წიგნების საშუალებით ჩვენ ვსწავლობთ, ვეცნობით სხვადასხვა კულტურებს, ვოცნებობთ, ვიწყებთ ერთმანეთის გაგებას. წიგნები გვასწავლიან თანაგრძნობას. წიგნი აუცილებელია სამეცნიერო კვლევებისთვის, ჩვენი შვილების აღზრდისა და სწავლის უწყვეტი პროცესისათვის. წიგნი გვეხმარება უკეთეს ადამიანებად  ჩამოყალიბებაში.

წიგნებს ესაჭიროებათ ავტორები, რომლებიც ქმნიან მათ, გამომცემლები, რომლებიც ინვესტიციას დებენ მათში, გამავრცელებლები, რომელთაც მკითხელამდე მიაქვთ ისინი, კოლექტიურ საფუძველზე მმართველი  ორგანიზაციები, რომლებიც იცავენ მათ საავტორო უფლებებს. ეს უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზოგადოებისთვის, გარდაუალი საფრთხის წინაშე დგას.

დღეს, სოციალური დისტანცირების პერიოდში, კიდევ უფრო გამოიკვეთა თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობენ წიგნები ჩვენს ცხოვრებაში.  სახლში დარჩენა და კითხვა სხვებზე ზრუნვის საშუალებად იქცა. გაზეთებმა და სხვადასხვა  ბლოგებმა მთელ მსოფლიოში შექმნეს და შემოგვთავაზეს იმ წიგნების სიები, რომელთა კითხვითაც, იზოლაციაში ყოფნის დროს, შეგვიძლია ან გავექცეთ დღევანდელ რეალობას ან პირიქით, საფუძვლიანოდ გავიაზროთ არსებული მოცემულობა. წიგნი გადარჩენის სწორედ ის საშუალებაა, რომელსაც ადამიანები ყველაზე რთულ დღეებში მიმართავენ ხოლმე.

დღეს, მთელ მსოფლიოში მშობლებს უწევთ გადაიქცნენ მასწავლებლებად. პედაგოგები ახალი გზების ძიებაში არიან, მათი გაკვეთილების მოსწავლეებამდე მისატანად. ავტორებმა და გამომცემლებმა კი, უსწრაფესად უპასუხეს ამ გამოწვევებს, უსასყიდლოდ მისცეს საზოგადოებას წვდომა საკუთარ ელექტრონულ წიგნებსა და ციფრულ მომსახურებებზე. წიგნების ონლაინ კითხვის პლათფორმებმა, როგორიცაა, მაგალითად, „წაიკითხეთ სამყარო“, გამომცემლებისა და ავტორების დიდი მხარდაჭერით, რომელთაც უმოკლეს ვადაში აღმოუჩინეს მშობლებს დახმარება, მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა. დღეს მსოფლიო, ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და ვაქცინის ძიების პროცესში, სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ კვლევებს ეყრდნობა. მსაგვსი ჟურნალების გამომცემელთა მიერ, კვლევების გადამოწმებისა და მათი ფართოდ გავრცელების კუთხით, გაღებული ინვესტიციები ფასდაუდებელია. სწორედ ამ გამომცემელთა კეთილი ნებით, კოვიდ 19-ის შესახებ არსებული კვლევები სრულად ხელმისაწვდომი გახდა ხელახალი გამოყენებისთვის.

განურჩევლად იმისა, ვსაუბრობთ ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილ წიგნებზე, საბავშვო ლიტერატურაზე, საგანმანათლებლო რესურსებსა თუ სამეცნიერო კვლევებზე, ავტორები, გამომცემლები, გამავრცელებლები და კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები სწრაფად ადაპირტირდნენ, მოერგნენ არსებულ რეალობას და გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. 

კოვიდ 19-ის ვირუსი სავალალო გავლენას ახდენს ადამიანებზე მთელ მსოფლიოში. ეკონომიკა ნადგურდება, ამ დროს კი, დანამდვილებით არავინ იცის, როდის დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს, და ან დავუბრუნდებით თუ არა საერთოდ.  ვირუსის გავლენა მსოფლიოს შემოქმედებით ინდუსტრიებზე, მათ შორის წიგნის სექტორზე, დამანგრეველია.

ბევრ ქვეყანაში ჩვენი ინდუსტრია უკვე იბრძვის ჟანგბადის მოსაპოვებლად. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები, რათა უზრუნველვყოთ მომავალი - ავტორებისთვის, გამომცემლებისთვის, რედაქტორებისთვის, დიზაინერებისთვის, წიგნის გამავრცელებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის და მათთვის, ვინც კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაციებში მუშაობს, რათა წიგნის ინდუსტრიამ შეძლოს ფუნქციონირება პანდემიის დამარცხების შემდეგ.

მსოფლიო ახალი წიგნების გარეშე იქცევა სევდიან, გაღარიბებულ ადგილად. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა გავუმკლავდეთ ამ კრიზისს, მაგრამ გადარჩენისთვის დახმარება გვჭირდება. გვჭირდება ჩვენი მთავრობების თანადგომა იმისათვის, რომ ერთად გადავრჩეთ.

 

ჟან ლუკ ტრეტნერი - ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის თანათავმჯდომარე

ჯონ დეგენი - აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე

ინგვე სლეთჰოლმი - რეპროდუქციის უფლებათა ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი

ჰიუგო ზეტცერი - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი

იან მოსი - სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური დირექტორი

 

მოწოდების ოფიციალური ვერსია იხილეთ ბმულზე: 

https://www.internationalpublishers.org/news/971-world-book-day-authors-publishers-and-booksellers-call-for-international-support

 

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები