საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია საქართველოში საავტორო უფლებების დასაცავად

მოგესალმებით, მე ვარ ჯესიკა ზენგერი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის საავტორო უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე.

დღეს, წიგნის მსოფლიო დღეს, მინდა გესაუბროთ სამ საკითხზე. პირველ რიგში, მსურს, აღვნიშნო, თუ როგორ არაჩვეულებრივად უპასუხეს ქართველმა და უცხოელმა გამომცემლებმა კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სირთულეებს. ასევე, ხაზი გავუსვა, თუ რატომ არის საავტორო უფლებების დაცვა და ლიცენზირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გამომცემლობები გადარჩნენ, განაგრძონ შემოქმედებითი საქმიანობა და შექმნან მაღალი ხარისხის ნამუშევრები. და ბოლოს, მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, რომ გვერდში დაუდგეს და დახმარების ხელი გაუწოდოს ადგილობრივ გამომცემლობებს, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ კრიზისულ მდგომარეობას.

კოვიდ-19-ის პანდემიის   ეკონომიკური გავლენა დამანგრეველი აღმოჩნდა უამრავი  ბიზნესისთვის, გამონაკლისი არც საგამომცემლო  ინდუსტრიაა.

პანდემიის გავრცელებისთანავე, გამომცემლებმა სწრაფად იმოქმედეს და ძალა არ დაიშურეს იმისთვის, რომ მათი გამოცემები მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. დღეს გამომცემლები უფლებას აძლევენ ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კვლევით ორგანიზაციებს გამოიყენონ მათი ციფრული რესურსები და მოემსახურონ საკუთარ მომხმარებელს. ონლაინ ლიცენზირება საშუალებას აძლევს მკითხველებს განაგრძონ წიგნების შეძენა მაშინაც კი, როდესაც წიგნის მაღაზიები დახურულია.  

დღევანდელმა მდგომარეობამ უკეთ გამოაჩინა კურატორული გამოცემების მნიშვნელობა. დღეს მსოფლიო, ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და ვაქცინის ძიების პროცესში, სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ კვლევებს ეყრდნობა. მსაგვსი ჟურნალების გამომცემელთა მიერ, კვლევების გადამოწმებისა და მათი ფართოდ გავრცელების კუთხით, გაღებული ინვესტიციები ფასდაუდებელია. სწორედ ამ გამომცემელთა კეთილი ნებით, კოვიდ 19-ის შესახებ არსებული კვლევები სრულად ხელმისაწვდომი გახდა ხელახალი გამოყენებისთვის.

ანალოგიურად, საგანმანათლებლო გამომცემლობები სოლიდარობას უცხადებენ მთავრობებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს, რომელთა წინაშეც სკოლის კარი დაიხურა. ამ პრობლემის შემსუბუქების მიზნით, უამრავმა საგანმანათლებლო გამომცემლობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებას სრულიად უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით შესთავაზა წვდომა თავიანთ ელექტრონულ საგანმანათლებლო მასალებსა და ონლაინ პლათფორმებზე.

გამომცემლები ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მთავრობებთან და საგანმანათლებლო სფეროს ხელმძღვანელებთან, რათა ეპოვათ გზები მიმდინარე სირთულეების გადასალახად და განათლების რეფორმების გასაუმჯობესებლად. ეს მიდგომა არ შეცვლილა. ახლა მთავარი გამოწვევა ისაა, თუ როგორ გავხადოთ ონლაინ სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი.  

პანდემიასთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში, 16 მარტს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრებისა და ზოგადად ქართველი გამომცემლების უპრეცედენტო და მტკიცე მხარდაჭერით, ორმა უმსხვილესმა ქართულმა ონლაინ პლატფორმამ, Saba- მ და lit.ge- მ,  საზოგადოებას სრულიად უფასოდ მისცა წვდომა  6000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე.  ეს არაჩვეულებრივი ინიციატივა მოიცავს როგორც ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილ, ისე  საგანმანათლებლო წიგნებს. უფასო წვდომა კი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 1 მაისამდე გახანგრძლივდა. ამავდროულად, ქართველმა სახელმძღვანელოების გამომცემლებმა თავადაც ატვირთეს თავიანთი ელექტრონული სახელმძღვანელოები და დამატებითი სასწავლო მასალები საკუთარ ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი გახადეს საზოგადოებისთვის სრულიად უსასყიდლოდ.

მარტის შუა რიცხვებში, როდესაც საქართველოში არსებული ყველა წიგნის მაღაზია დაიხურა, ქართველმა გამომცემლებმა და გამავრცელებელებმა ძალიან სწრაფად იპოვეს გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან, განავითარეს  ონლაინ ვაჭრობის პლათფორმები და წიგნების სახლში მიტანის სერვისი. თუმცა, მარტის ბოლოს, საქართველოს მთავრობამ ეს მომსახურებაც აკრძალა და დღეს საქართველოში არ არსებობს წიგნის ონლაინ გაყიდვის არცერთი არხი. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA)  სრულად იზიარებს  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პოზიციას, რომ ეს არის უსამართლო აკრძალვა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ საგამომცემლო ინდუსტრიას ანადგურებს, არამედ აუტანელი იზოლაციისთვის იმეტებს მკითხველს, რომელსაც სურს, რომ ჰქონდეს წვდომა წიგნზე და სხვადასხვა მიზეზთა გამო, ელექტრონულს ბეჭდურ გამოცემას ამჯობინებს. ამრიგად, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას,  და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მისცეს საშუალება გამომცემლებსა და წიგნის გამავრცელებლებს ონლაინ გაყიდონ წიგნები და მიაწოდონ მკითხველებს სახლში.  

მაშინ, როდესაც ჩვენი ინდუსტრია გლობალურად განაგრძობს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას და ცდილობს მისი საქმიანობა მაქსიმალურად სასარგებლო გახადოს საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლიცენზირება (გამყარებული ზედმიწევნით დაცული საავტორო უფლებებით) არის ის, რაც იძლევა საშუალებას ვაწარმოოთ საავტორო უფლებადაცული ნამუშევრები, მათ შორის ისინიც, რომლებიც გამომცემლებმა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში უფასოდ ხელმისაწვდომი გახადეს.  ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გამომცემლებს მხოლოდ იმიტომ ხელეწიფებათ შექმნან მაღალი ხარისხის ნამუშევრები, რომ შემდგომში ეძლევათ მათი ლიცენზირებისა და გაყიდვის საშუალება. ამ გზით მიღებული შემოსავლით კი იკვრება ის შემოქმედებითი წრე, რომლის შედეგადაც გამომცემლებს უკვე შეუძლიათ ინვესტიცია ახალ ნამუშევრებში ჩადონ და შეიმუშავონ ინოვაციურ-ტექნოლოგიური სერვისები.

ლიცენზია, არსებითად არის ნებართვა, რომელსაც ავტორი გადასცემს გამომცემელს იმისთვის, რომ გამომცემელმა ავტორის ნაშრომი წიგნად აქციოს. თავის მხრივ გამომცემლები ლიცენზიას აძლევენ მკითხველებს, ბიბლიოთეკებს, სკოლებს ან სხვა მომხმარებლებს, რათა წიგნმა მიაღწიოს შესაბამის აუდიტორიამდე.  ლიცენზირები ეფუძნება საავტორო უფლებებს და წარმოადგენს საგამომცემლო ინდუსტრიის საყრდენს. საავტორო უფლებები ავტორებსა და გამომცემლებს მატებს ძალასა და მოქნილობას, რომ გააგრძელონ თავიანთი ნამუშევრების შექმნა. იქნება ეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ გასართობი სახის, საუკეთესო ნაბეჭდი ტექსტები მხოლოდ იმიტომ გახლავთ ხელმისაწვდომი, რომ საავტორო უფლებების დაცვა უზრუნველყოფს გამომცემლების მოტივაციასა და ავტორების შემოქმედებითობის წახალისებას.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი მხარს უჭერს მასწავლებლებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, სწავლების პროცესში თავად შეარჩიონ გამოსაყენებელი რესურსები და სახელმძღვანელოები. არ არსებობს ორი იდენტური საკლასო ოთახი და შესაბამისად, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ უფლება თავიანთი განსაკუთრებული მოსწავლეებისათვის აირჩიონ საუკეთესო სასწავლო მასალები და რაც მთავარია, ჰქონდეთ ძალიან ფართო არჩევანი. სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმს მტკიცედ სწამს, რომ ყველაზე ეფექტური განათლების სისტემა მიიღწევა მაშინ, როდესაც ადგილობრივი  ავტორების მიერ შექმნილ მასალებზე დაყრდნობით, ადგილობრივი გამომცემლები ქმნიან ადგილობრივ სახელმძღვანელოებს. დაბოლოს, სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი აღიარებს გამომცემლების, მთავრობების, მასწავლებლების, მკვლევარებისა და ავტორების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.

ნიშნად ჩვენი სურვილისა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია ახლახანს შეუერთდა #LearningNeverStops კოალიციას, რომელსაც  იუნესკო ხელმძღვანელობს. აღნიშნული კამპანიის მიზანია გაუმკლავდეს განათლების სისტემაში არსებულ კრიზისს  COVID-19 - ის პანდემიის ფონზე. საგანმანათლებლო გამომცემლობები მზად არიან დაიწყონ ღრმა დისკუსიები მთავრობებთან, სკოლებთან თუ მასწავლებლებთან, რათა დახმარება გაუწიონ მათ ციფრულ სწავლებაზე გადასვლის პროცესში, შეიმუშავონ სწავლების ახალი მეთოდოლოგია და უზრუნველყონ მოსწავლეები ხარისხიანი მასალებით. ერთად მუშაობა შესაძლებლობას მოგვცემს გვქონდეს მყისიერი რეაგირება და შესაბამისად, შეუფერხებლად გავუმკლავდეთ კრიზისს.  

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს თანამშრომლობა უნდა იყოს იმ დისკუსიის ნაწილი, რომელიც ცნობს საავტორო უფლებების ფუნდამენტურ მნიშვნელობას. აღნიშნული მიდგომა თანაბრად ერგება როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის რეალობას. სრულიად მიუღებელია  ავტორებისა და გამომცემლების ინტელექტუალური საკუთრების ექსპროპრიაცია ან გაუფასურება. ეს გამოიწვევს ადგილობრივი ინდუსტრიის განადგურებას და გამორიცხავს ერის თანამონაწილეობას სამომავლო საგანმანათლებლო ეკონომიკის განვითარებაში.

საავტორო უფლებების დაცვა არ არის ნებაყოფლობითი. 1995 წელს საქართველო შეუერთდა ბერნის კონვენციას საავტორო უფლებების შესახებ და, შესაბამისად, იგი ვალდებულია დაიცვას შემოქმედთა და გამომცემელთა ექსკლუზიური უფლებები. უფრო მეტიც, 2016 წელს ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც აკისრებს დამატებით ვალდებულებას საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას შემოქმედთა და გამომცემელთა უფლებები. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია მოწოდებულია უზრუნველყოს ამ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

მსურს ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - ავტორებს, რომელთა გარეშე არ იარსებებდა საგამომცემლო საქმის ღირებული ჯაჭვი. მადლობა, წიგნის გამავრცელებლებსაც, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის სივრცეებსა და პლატფორმებს უზრუნველყოფენ, სადაც საყვარელი წიგნების შეძენა შეგვიძლია. დაბოლოს, ჩვენ, გამომცემლებს გვსურს მადლობა გადავუხადოთ მკითხველებს, რომლებიც არ წყვეტენ წიგნების შეძენას და მათთვის სასურველ და საჭირო გამოცემებთან წვდომას ლეგალური გზით არჩევენ. გვჯერა, რომ საგამომცემლო საქმის ღირებული ჯაჭვის მთავარი რგოლები - ჩვენი მკითხველები და პარტნიორები - ჩვენთან ერთად კვლავაც იზიარებენ წიგნისა და კითხვის, როგორც მარადიული ღირებულებისადმი პატივისცემას.

მადლობა!

ბედნიერ წიგნის მსოფლიო დღეს გისურვებთ!

 

ვიდეო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები