საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება! მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობა. თუმცა, ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს ტრადიციული ფესტივალის შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა. თბილისის წიგნის ვირტუალური ფეტივალის მეგობარია თიბისი.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მსგავსად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაც, რომელიც რამდენიმე პროგრამულ მიმართულებასგულისხმობს: ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთან; საბავშვო პროგრამა; პროგრამა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობით; საგამომცემლო-პროფესიული პროგრამა და პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“.  თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 31 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - https://cutt.ly/yynpPSx. ) პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა თურქეთი, შესაბამისად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით სწორედ თურქეთი ისარგებლებს, და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობით, რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამას, რომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ.  

31 მაისს, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის საგამომცემლო-პროფესიული პროგრამის ფარგლებში გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის (International Publishing Fellowship) ონლაინ სესია ბრიტანელი, ქართველი, თურქი და უკრაინელი გამომცემლების მონაწილეობით. აღნიშნული პროექტის მიზანია დააკავშიროს ბრიტანეთისა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნების პროფესიონალი გამომცემლები.

ფესტივალის უკვე ტრადიციული პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში კინოსა და თეატრის მსახიობები წიგნის მოყვარულებს ონლაინ წარუდგენენ წიგნებს.

თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 20-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება გამომცემელთა ასოციაციის ვებგვერდზე (www.gpba.ge ) საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში.

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი კი გაიმართება 2020 წლის 24-27 სექტემბერს.

 

 

ვიდეო გალერეა
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები