საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ მოსაპოვებლად, განაცხადების მიღება იწყება

21 ოქტომბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით,  „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“  ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ დაარსდა. პრემიაზე განაცხადების მიღება 22 ოქტომბრიდან იწყება.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო პროზაული წიგნი (ასაკობრივი ჯგუფი - 8 წლამდე)

  • საუკეთესო პოეტური წიგნი (ასაკობრივი ჯგუფი - 8 წლამდე)

  • საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (ასაკობრივი ჯგუფი - 8 წლამდე)

  • საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი  (ასაკობრივი ჯგუფი - 8 წლამდე)

ნომინაციების გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2500 ლარიანი პრემია.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

პრემიაზე განიხილება 2020 წელს, საქართველოში გამოცემული, ქართველი ავტორების წიგნები (საუკეთესო ილუსტრირებული წიგნის ნომინაციაში, შესაბამისად, ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრები). საკონკურსო წიგნების აუდიტორია განსაზღვრულია 8 წლის ასაკამდე. წიგნის კონკურსზე წარდგენა და ელექტრონული განაცხადის შევსება, შეუძლია როგორც გამომცემელს, ასევე ავტორს ინდივიდუალურად.

საკონკურსო მასალა, კერძოდ, ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა და საკონკურსო წიგნის 5 ეგზემპლარი მიიღება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ოფისში (დელისის 2, შესასვლელი ასათიანის ქუჩიდან), 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, სამუშაო დღეებში, 11:30-დან 17:30 საათამდე. განაცხადის ფორმა, ასევე, უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@gpba.ge

საკონკურსო წიგნების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი:

ანა მარწყვიშვილი - 598 55 93 68,  info@gpba.ge

 

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები