სიახლეები
თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება
11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება.
„თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა და სამომავლოდაც გაგრძელდება. საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემა უდიდესი საქმეა, რომელსაც მხარდაჭერა და მეტი მოტივაცია სჭირდება. სწორედ, ამას ემსახურება საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ დაარსებაც, რომლის გამარჯვებულებსაც აღნიშნული ფესტივალის მსვლელობისას გამოვავლენთ“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
„წიგნის ფესტივალები უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა სექტორისთვის, რომელიც გამომცემლებისა და მკითხველების პირდაპირი კომუნიკაციის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა კი განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს, რადგან მოზარდების მკითხველებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, საბავშვო წიგნის ფესტივალს დაარსებას სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ამ მიმართულების სამომავლო განვითარებაზე“,- განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, რომელიც საბავშვო ლიტერატურას გამოსცემს. ისინი ექსპო ჯორჯიაში მოსულ სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე. საგამოფენო სივრცეში წიგნების გარდა, სტუმრებს აქსესუარები, სათამაშოები და სხვადასხვა სახის საბავშვო გასართობი აქსესუარები დახვდებათ.
ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა და სხვა; ორივე დღის განმავლობაში, დიდ ეკრანზე ანიმაციური ფილმები იტრიალებს.
12 დეკემბერს, საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება. ფესტივალის მსვლელობისას, პავილიონის ეზოში გაიმართება ჯგუფ „არასა“ და თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სკოლის ორკესტრის კონცერტი.