საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

პრესკონფერენცია - წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 17-19 ივნისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით.

ფესტივალთან დაკავშირებით, ორშაბათს, 6 ივნისს, 12:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში "სტამბის წიგნები" გაიმართება პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიღებენ:

• წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა;

• საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა;

• ფესტივალის მონაწილე, გამომცემელი, ზვიად კვარაცხელია;

• ფესტივალის მონაწილე, მწერალი, პაატა შამუგია;

• ფესტივალის მონაწილე, მწერალი, ეკა ტოგონიძე.

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, 17-18 ივნისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა, 15-მდე გამომცემლობის მონაწილეობით, წალენჯიხასა და ჯვარში გაიმართება. 17 ივნისს ფესტივალს წალენჯიხა გრანელის პარკში უმასპინძლებს, 18 ივნისს კი ღონისძიება ჯვარში, კულტურის სახლის ტერიტორიაზე გაგრძელდება.

ფესტივალი, წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, ადგილობრივებს მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას შესთავაზებს. გაიმართება დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, მათ შორის არიან პაატა შამუგია, ლერი ალიმონაკი, დიანა ანფიმიადი, ერეკლე დეისაძე, რატი ამაღლობელი, ეკა ტოგონიძე, ლაშა ბუღაძე, ზვიად კვარაცხელია, თემურ ელიავა, გიორგი შონია და სხვა.

19 ივნისს წალენჯიხაში გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა და ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდია.

ღონისძიება საზეიმოდ დაიხურება ფახულანში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასკვნით საღამოს გაიცემა წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის სპეციალური ჯილდო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ბესო სოლომონაშვილისა და მარი გულბიანის ფილმების ჩვენება. გაიმართება მუსიკალური ღონისძიებებიც.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები