სიახლეები
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 1-ელ თებერვალს გაიმართება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 1-ელ თებერვალს, საქართველოში უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება!
საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, 1-ელ თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია - „რას ვკარგავთ, როცა გამოხატვის თავისუფლებას ვკარგავთ?“. საჯარო ლექციას ლევან ბერძენიშვილი, თამარ ლებანიძე და ივა ფეზუაშვილი გაუძღვებიან.
ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მერვედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ვახტანგ ბერიძეს (2022) ნინო კასრაძეს (2021), პროექტს ,,წიგნის თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.