სიახლეები
გამომცემელთა ასოციაციის განცხადება - არა რუსულ კანონს
ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არაერთხელ დადასტურებულ ევროპულ მისწრაფებებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას და ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ახლა, როცა ჯანსაღი ძალების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით. საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს.
მოვუწოდებთ ქართველ პარლამენტარებს, გაიხსენონ და გაიაზრონ წარსულის მწარე გაკვეთილები. ნუ დაუშვებთ შეცდომას, რომელიც ლაქად დააჩნდება თითოეული თქვენგანის ბიოგრაფიას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას.