განხორციელებული პროექტები
საქართველოს ეროვნული სტენდი ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაზე
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით, 6-9 მარტს საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და პროგრამით წარსდგა.
ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე 7 ქართველი გამომცემელი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის გამომცემლობა ელფი, დიოგენე, ინტელექტი, არტანუჯი, სულაკაურის გამომცემლობა, შემეცნება და გამომცემლობა პალიტრა L. ქართველი გამომცემლების გამოცემულ წიგნებთან ერთად სტენდზე გამოფენილი იყო მწერალთა სახლის ხელშეწყობით სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურა და კატალოგები ქართველი ავტორებისა და საქართველოში მოქმედი გამომცემლების შესახებ.
ბაზრობის დამთვალიერებლებისთვის ილუსტრატორი, თათია ნადარეიშვილი საქართველოს ეროვნულ სტენდზე სამი დღის განმავლობაში ვორქშოპს მართავდა ქართული ასო-ნიშნების თემატიკაზე.
საბავშვო ლიტერატურას საქართველოში განსაკუთრებული წახალისება და ხელშეწყობა სჭირდება, ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა და მის შედეგად დამყარებული კავშირები ამის საუკეთესო საშუალებაა. ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ტრიბუნაა, საიდანაც როგორც იტალიური და ისე, საერთაშორისო საზოგადოება გაიცნობს ქართულ საბავშვო ლიტერატურას.
ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა 1963 წლიდან იმართება და საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა. ბოლონიის ბაზრობის ფარგლებში მთავარი საბავშვო ლიტერატურული პრემიების, ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატებს გამოავლენენ. წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე საქართველოდან წარდგენილები არიან გიორგი ჯინჭარაძე, ირმა მალაციძე და ნიქოზის ხელოვნების სკოლა.