საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2016

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარსდგა. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის დაგეგმვის მიზნით, წლევანდელი ქართული პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებით იყო დატვირთული. ქართული პროგრამა 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“, გერმანიაში ქართული ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის „ქართული პროდუქტი“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

19 ოქტომბერს ფესტივალის პირველივე დღეს, ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმის, „ბიზნეს ქლაბის“ მომხსენებელი უკრაინელ, რუს და სლოვენიელ გამომცემლებთან ერთად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა იღებდა მონაწილეობას. პანელ დისკუსიის თემა გახლდათ: „სიახლეები აღმოსავლეთიდან! ლიტერატურული ტენდენციები უკრაინაში, სლოვენიაში, საქართველოსა და რუსეთში. აღმოსავლეთ ევროპა - სახეები და ისტორიები სამყაროდან, რომელიც ასეთი ახლო და ამავე დროს ასეთი შორეულია" (http://www.buchmesse.de/…/busines…/schedule/02901/index.html).

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს საუზმე, რომელსაც უკვე დარეგისტრირებული რამდენიმე ათეული გერმანელი, იტალიელი, ფრანგი, ბრიტანელი და ათამდე ქართველი გამომცემელი დაესწრო. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი უცხოელ სტუმრებს ცენტრის მიერ მომზადებული კატალოგები (Books from Georgia 2016, Children’s Books from Georgia 2016, Georgian Book Market Research 2016) გადასცა და მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე ქართული საგამომცემლო ბაზრის შესახებ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ ისაუბრა, ქართველი ავტორების შესახებ კი ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია ექვსი ქართული გამომცემლობის (პალიტრა L, ქარჩხაძის გამომცემლობა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, გამომცემლობა წიგნები ბათუმში, ინტელექტი) წარმომადგენელმა მიაწოდა. ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის მიზნით, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები და პირისპირ მოლაპარაკებები.

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, კი საქართველოს ეროვნულ სტენდზე გაიმართა დისკუსია - კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ Georgian Fiction in 30 Minutes. დისკუსია არაფორმალურ რეჟიმში წარიმართა და მას ცნობილი გერმანელი გამომცემელი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ბარბარა ვაიდლე წარუძღვა. უცხოელ გამომცემლებს, კრიტიკოსებსა და ლიტერატურულ აგენტებს ქართველი მწერლები და მათი შემოქმედება მთარგმნელმა და სცენარისტმა დავით გაბუნიამ გააცნო. ეროვნულ სტენდზე ასევე გაიმართა მიღება საქართველოს სახელით, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მიეღო ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მისი წევრი გამომცემლების საქმიანობის შესახებ.

ასევე ქართველმა გამომცემლებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მონაწილეებმა გერმანიის, რუმინეთისა და საქართველოს საბავშვო წიგნის ბაზარი მიმოიხილეს და უმსხვილეს გერმანელ გამომცემლებს (Knesebeck Verlag, Loewe Verlag, Ravensburger Buchverlag, NordSüd Verlag, Magellan Verlag) ქართულ საბავშვო წიგნები წარუდგინეს.

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები