საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია საქართველოშია

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია საქართველოში დაჩქარებული ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზეზი განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გრიფირების ახალი წესია, რომლის უმთავრესი პუნქტები ქართველი გამომცემლებისა და ავტორებისთვის სავსებით მიუღებელია.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ლობირებს და იცავს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კერძო პირების უფლებებს.

30 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია საერთაშორისო დელეგაციისა და ადგილობრივი სამთავრობო თუ არასამათავრობო, კერძო სექტორის მონაწილეობით.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელი ხოსე ბორგინო, გამოცემის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი ბენ სტივარდი, ასევე სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის წევრი კრისტენ ეინარსონი – ნორვეგიის გამომცემელთა ასოციაციის დირექტორი.

მას შემდეგ რაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მიაწოდო ინფორმაცია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციას სახელმძღვანელოების სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით წარადგინონ საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები იმის შესახებ, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ქართული საგანმანათლებლო სისტემა, თუკი საქართველოს მთავრობა არ გადახედავს იმ არასათანადო პირობებს, რომელსაც ქართველ გამომცემლებსა და ავტორებს ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად სთავაზობს.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციას თქმით, სახელმძღვანელოების სფეროს სახელმწიფო მონოპოლიზების შემთხვევაში, მსოფლიო პრაქტიკით, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ უზრუნველყო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა. ამ მეთოდს შედეგად შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ დიდი ხნით უკან დახეული საგანმანათლებლო სისტემა, ახალგაზრდების წიგნიერების დონის უკიდურესი ვარდნა, განადგურებული საგამომცემლო ინდუსტრია. მათივე თქმით, ის მთავრობა, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის განათლება, სახელმძღვანელოების ბიზნესს პროფესიონალების ხელში ტოვებს.

 

ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მსგავსი სიახლეები
ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები