საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 25-28 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ქალაქ თბილისის მერია. თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული იყო ღონისძიებების მრავალფეროვნებით, მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ფონდებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ფესტივალის ფარგლებში 100-მდე ღონისძიება იყო ჩანიშნული. ფესტივალზე დარეგისტრირებული იყო 60-მდე მონაწილე. გაიმართა ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, გამოვლინდნენ საუკეთესო ბლოგერები, მოეწყო კოსტუმირებული კარნავალი და, რა თქმა უნდა, სპეციალური სტუმრის წარდგენა. წელს პირველად საერთაშორისო წიგნის ბაზრობების სტანდარტების შესაბამისად, თბილისის ფესტივალს ჰყავდა ფოკუს ქვეყანა - ნორგვეგია, რომელიც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ფონდით NORLA და ოთხი ნორვეგიელი მწერლით: როსკვა კორიცინსკი, ნილს ჰენრიკ სმითი, სიმენ ეკერნი და სიგბიორნ მოსტიუ. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალმა არ დაარღვია ტრადიცია და პატარა მკითხველებს სპეციალურ კუთხე მოუმზადა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი, ინტელექტუალური საბავშო ღონისძიებებით. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს. ფესტივალი სტაბილურად განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას.

პარტნიორები