საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია 2018

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში უკვე ტრადიციულად ტარდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი!

11-12 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N 7) ჩატარდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს 65 ბიბლიოთეკას გადაეცემა 450 ლარიანი ვაუჩერი. პროექტი, ოფიციალურად 11 ივნისს 12:00 საათზე, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად გაიხსნება.

ბიბლიოთეკარების ვაუჩერიზაციის პროექტის ფარგლებში წიგნების შესყიდვას ბიბლიოთეკარები ახორციელებენ ვაუჩერების საშუალებით. ბიბლიოთეკებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ მათთვის სასურველი ლიტერატურა.

პროექტის მიზანია, საქართველოს ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ამასთან თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს, საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის თავში მოიცავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.