საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

33 ამბავი ქართული წიგნის შესახებ

პროექტის “საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი” საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ქართული საგამომცემლო სფეროს, ქართული წიგნის ისტორიისა და განვითარების ეტაპების მასშტაბურად წარმოჩენისთვის გაგა ლომიძის ავტორობით მოამზადა წიგნი – “33 ამბავი ქართული წიგნის შესახებ”. 

ირმა ტაველიძე, რედაქტორი წიგნის შესახებ:

ქართულ ანბანზე, მის სიძველესა და უჩვეულო, მომხიბვლელ ფორმებზე ყურადღებას მაშინვე ვამახვილებთ, როგორ კი, უცხო ქვეყანაში აღმოჩენილები, საქართველოსა და ქართული კულტურის სახასიათო თავისებურებების განხილვას ვიწყებთ. ჩვენს ქვეყანაში სტუმრად ჩამოსულსაც, პირველ რიგში, ეს უცნაური მოხაზულობის, მომრგვალო ასოები ხვდება თვალში: ქუჩებში, შენობებზე, საგაზეთო სტენდებზე, წიგნების გარეკნებზე... საქართველოს გაცნობა კი ხშირად იმის გაცნობიერებით იწყება, რომ უხსოვარ დროს შექმნილი ეს ანბანი მისი განსხვავებულობის, მდიდარი კულტურული გამოცდილების ნიშანი უნდა იყოს.

ქართულ ანბანში 33 ასოა, თითო ასო თითო ბგერას შეესაბამება — საერთო აღიარებით, სრულყოფილი ანბანური სისტემაა. ენისა და დამწერლობის სახით, ქართველ მწერალს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს სამყარომდე თავისი ხმის მისატანად, გულისნადების გასამხელად, დიდი ხნის ნაფიქრისა თუ წუთიერი შთაბეჭდილების გასაზიარებლად.

„33 ამბავი ქართული წიგნის შესახებ“ ანბანის განვითარებისა და სახეცვლილების ამბავსაც გადმოგვცემს და სირთულეებით, მოულოდნელობებითა თუ უსასრულო ძიებებით სავსე იმ გრძელი გზის შესახებაც მოგვითხრობს, რომელიც ქართულმა ლიტერატურამ გამოიარა. ხელნაწერი თუ ნაბეჭდი წიგნები, მათთან დაკავშირებული ისტორიები ჩვენი წარსულის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღემდე შემორჩენილი პირველი მხატვრული ნაწარმოები, მე-5 საუკუნეში შექმნილი იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ ისეთი საკითხავია, თანამედროვე მკითხველსაც რომ გულისცემას აუჩქარებს. წიგნის გადაშლისას მას, მოულოდნელად, განსაცვიფრებელი დრამა დახვდება, წმინიდანის მოწამეობრივი გზის მშრალი, მოსაწყენი აღწერის ნაცვლად.

უდიდესი ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველი მე-12 საუკუნეში წერს შედევრს — პოემა „ვეფხისტყაოსანს“ — დიდი სიყვარულის, დიდი მეგობრობის დაუვიწყარ ამბავს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ „ვეფხისტყაოსანმა“ შექმნა ის ქვეყანა, რომლის უზენაესი მიზანიც, უმაღლესი ღირებულებაც თავისუფლებაა. 

სხვა ამბებიც ქართული ლიტერატურის იმ უმნიშვნელოვანეს ფიგურებსა თუ მოვლენებზე მოგვითხრობს, რომლებმაც იოლად გასარჩევი კვალი დატოვეს თაობების ცნობიერებაში და გარკვეულწილად განსაზღვრეს კიდეც საქართველოს მომავალი, მისი პოლიტიკური თუ კულტურული არჩევანი. ის, რაც ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ანბანის შექმნით დაიწყეს, დღეს მრავალსაუკუნოვან ლიტერატურულ გამოცდილებად, ანგარიშგასაწევ ტრადიციად წარმოგვიდგება.  ამ წიგნში მოთხრობილი 33 ამბავი კი უფრო ახლოს გაგაცნობთ იმ ქვეყანასა და  ხალხს, ვინც საუკუნეების მანძილზე არაერთ განსაცდელს, არაერთ ისტორიულ უსამართლობას გაუძლო და ამავე დროს დიდი შემოქმედებითი ენერგიით შექმნა ქართული წიგნი.

 

მსგავსი სიახლეები
პარტნიორები