საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

გვანცა გუბელაძე - „ჩემი ქმრის მწერალი ცოლი“

2018 წლის 11-22 ნოემბერს შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკშიდაწერე სომხეთში" საქართველოს ოთხი ახალგაზრდა მწერალი გვანცა გუბელაძე, მართა ურუშაძე, ნანა აბულაძე და ანა დარსაველიძე წარადგენს. პროექტის ორგანიზატორია ლიტერატურული ფონდი „ARI“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სომხეთში. საერთაშორისო ბანაკის ქართველი მენტორი იქნება დათო ტურაშვილი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტის პარტნიორია საქართველოდან. წარმოგიდგენთ, ერთ-ერთი გამარჯვებულის, გვანცა გუბელაძის საკონკურსო ტექსტს:

არ იცის, რომ გაყინულთითებიანი მისი ცოლი წერს.

არ იცის, რომ მისი ცოლი ღამე, მთვარეულივით დგება და წერს...

არ მინდა, იცოდეს, რომ – ვწერ! არ მინდა, იცოდეს და მორჩა...

აბა, როგორ უნდა ვუთხრა, რომ წერა დავიწყე და ათას აბდაუბდა რამეს ვედები.

როგორ უნდა ვუთხრა, რომ წუხელ ვიღაც მამაკაცისთვის „Für Elise“ ავაჟღერე ვიოლინოზე... მერე, ლონდონის უცხო ბარში ვიცეკვეთ ერთად... ვენეციის ვიწრო ქუჩებში მტრედებს მივსდევდით...

როგორ უნდა გამიგოს, რომ 60-იან წლებში, ორგონოს შტატში ჩესტერი გავიცანი, ის ჰიპი იყო და გვირილებს მაწნავდა თმაში. ფეხზე ეკიდა მთელი ცივილიზაცია, ყველა გრძედიდან განედამდე. კაი ტიპი იყო, მისი ჭრელი ფურგონით სად არ ვიყავით, სამხრეთ კაროლინაში თუ – ჩიკაგოში, მერე ჩარლზი გავიცანი, ინგლისიდან, და უკან მოუხედავად ვუღალატე ფურგონიან ჩესტერს... მოგვიანებით გავიგე, შიდსით გარდაცვლილა საწყალი. ძალიან შემეცოდა, ერთი-ორი ცრემლიც კი გადმოვაგდე. ჩარლზს სათვალე ეკეთა, მგონი, ახლომხედველი იყო. იმ პერიოდში, სათვალიანი ბიჭები მომწონდა. ჩარლზი კი უჭკუო გოგოებზე გიჟდებოდა. ჭკუას კარგავდა, როდესაც რომელიმე ლამაზმანი გვერდით ჩაუვლიდა და სუნამოს სურნელს დაუტოვებდა, თუნდაც მას გრამი ტვინი არ ჰქონოდა თავში...

ლონდონის ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობდით...

დღე ჩარლზის დიად მიზნებზე საუბრით იწყებოდა. ჰოდა, ერთხელაც მომბეზრდა გრავიტაციის კანონზე და ნიუტონზე მოფიქრალი ჩარლზი და ქუჩის მუსიკოსთან ვუღალატე. ნაიარევიანი სახე და დატყავებული, უხეში ხელები ჰქონდა ქუჩის მუსიკოსს. თავზე წამადგა, როცა მისი სოროდან გაქცევას ვცდილობდი. ჩემი მოკვლა სცადა...

„მაპატიე, ძვირფასო!“ – ვამბობ მეუღლის ზურგს მიწკეპილი და ჩემს სულელურ აზრებზე თვითონ მეღიმება. ასეა, აზრები ღამე მომდის და მერე თითქმის მთელი ღამე არ მასვენებს... რა კარგია, რომ იმდენად დაღლილია, ვერ ხვდება. ზოგჯერ კი მინდა, პირისპირ ჩამოვუჯდე და პირში ვუთხრა:

„იცი, რა, მაგარი დარტყმული ცოლი გყავს!“

აი, ისევ მეღიმება ამის წარმოდგენაზე, როგორც თითოეული იმ ისტორიის წარმოდგენაზე, რომლის დაწერაც შემიძლია.

„გაახილე თვალი, რა... უნდა მოგიყვე!“

„იქნებ, ერთ დღეს გაიგო კიდეც!!!“

დილით მე, ჩვეულებრივ, შენ გვერდით გავიღვიძებ...

ჩვეულებრივ მოგიდუღებ ან მომიდუღებ ყავას!“

გეტყვი, როგორ მომენატრები, როცა მთელი დღე სახლიდან იქნები გასული... ნახევარ საათში, შენი ნათესავების ისტორიების მოყოლასაც მოვასწრებ.

არ ვიცი, როგორ შეგიძლია, ზოგჯერ, ასე მშვიდად გეძინოს, სანამ ჩემი თითების სიცივე არ შეგაწუხებს… თითების, რომლებიც წერენ ათას ერთი ღამის წინანდელ ზღაპრებს, რომელიც მოხდა ან შესაძლო იყო, მომხდარიყო. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ასე მშვიდად გეძინოს და მე, რომელიღაც გვერდზე, ჩვენს საყვარელ კრუასანს მივირთმევდე მონმარტზე...

კარგი, რა, გაიღვიძე!!!

ჩემს ნაწერებში მარტო ჩემი თაყვანისმცემლების არმია რომ დაგანახა, სათითაოდ გამოიწვევდი მათ დუელში, თითქოს, მე-16 საუკუნის იტალიაში ვცხოვრობდეთ. არადა, რა ჩემი ბრალია, როდესაც ხელს მელანში ვაფათურებ, ანუ ვწერ, თავად მოდიან...

ტრანსპორტი?

– ეტლი, ცხენი, მატარებელი, ავტობუსიც კი...

ტანისამოსი?

–გუშინ, დახეული ჯინსები მეცვა, დღეს ალბათ – ცისფერი კაბა და ასეთივე ფერის თავსაბურავი...

უკვე ვხვდები, რომ უნდა დავიძინო, თორემ ისევ ავდგები, ისევ ჩავრთავ ლეპტოპს და ისევ გამეყინება შენით გამთბარი თითები. „ტკბილად იძინე!“ – ვამბობ გულში და ვამატებ: „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად!“ – ანუ, ჭირი იქა, ლხინი აქა, ძვირფასო...

ვერ ვეტყვი, რომ ვწერ!

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები