საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

ნაწყვეტი მართა ურუშაძის მოთხრობიდან „ხელები“

2018 წლის 11-22 ნოემბერს შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკშიდაწერე სომხეთში" საქართველოს ოთხი ახალგაზრდა მწერალი გვანცა გუბელაძე, მართა ურუშაძე, ნანა აბულაძე და ანა დარსაველიძე წარადგენს. პროექტის ორგანიზატორია ლიტერატურული ფონდი „ARI“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სომხეთში. საერთაშორისო ბანაკის ქართველი მენტორი იქნება დათო ტურაშვილი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტის პარტნიორია საქართველოდან. წარმოგიდგენთ, ერთ-ერთი გამარჯვებულის, მართა ურუშაძის საკონკურსო ტექსტს:


 

- ცხოვრებაში არ მინადირია - გამოვუტყდი დიმას - თევზზე ნადირობას თუ არ ჩავთვლით.

დიმამ გადაიხარხარა.

- თევზებზე ნადირობა? კლოუნი ხარ რა... მე ბავშვობაში ვნადირობდი ხოლმე ბაბუაჩემთან ერთად.

- რამე მოგიკლავს?

- მართალი რომ გითხრა, არ მახსოვს - მითხრა დიდი პაუზის შემდეგ.

უცებ, ჩემს ახალ „ბოტასზე“ კურდღელმა გადამირბინა. გაოცებულებმა იქამდე ვუყურეთ, სანამ თვალს არ მიეფარა. აზრზე მოვედით და გინება დავიწყეთ. სამწუხაროდ, ამან საქმეს ვერ უშველა. ამის შემდეგ, ნახევარი საათი დავეხეტებოდით და ჩიტის ჭიკჭიკიც კი არ გაგვიგია არსად.

- მაშინ ის კურდღელი რომ არ დაგვენახა, ვიფიქრებდი, რომ ამ ტყეს რაღაც წყევლა ადევს და ცხოველები არ ეკარებიან.

დიმამ მხრები აიჩეჩა.

- არ ვიცი ძმაო. ასეთი რაღაც პირველად ვნახე.

მსუბუქად გაწვიმდა. ვერც კი ვიგრძენი, სანამ თმები შუბლზე არ მიმეკრო. დიმას ვერ ვუტყდებოდი, რომ დავიღალე და სახლში მინდოდა. არანაირად არ ვიყავი ნადირობის ხასიათზე. ცხელ ჩაიზე ვოცნებობდი ბუხრის წინ.

- ე, დიმ, არ გინდა სახლში დავბრუნდეთ? - ამოვილუღლუღე.

- რა?.. არ მესმის. ახლოს მოდი - გამომძახა დიმამ და გაჩერდა რომ დავწეოდი.

უცებ ბუჩქებში რაღაცამ გაიტკაცუნა. ორივემ იქითკენ გავიხედეთ. სავარაუდოდ, ისევ ის კურდღელი გამოვარდა, თოვლის გუნდასავით იყო. თეთრი და მრგვალი.

დიმამ ივაჟკაცა და ყურებში წაავლო ხელი. კურდღელი გაინაბა და შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.

დიმამ ის სახესთან ახლოს მიიტანა და დააკვირდა.

- ახლა რა ვქნათ? - ვთქვი სუნთქვაშეკრულმა.

დიმა ჩაფიქრდა.

- მე მეჭირება და შენ ესროლე - დიმამ ხელი რაც შეეძლო განზე გაწია.

ამოვიხვნეშე. ფოტო გადავუღე, შემდეგ კი თოფი მოვიმარჯვე.

კურდღელი ისევ შოკში იყო და გამოშტერებული სახით მიყურებდა.

თოფის ლულა ახლოს მივუტანე, რომ შემთხვევით დიმასთვის არ მომეხვედრებინა.

- დარწმუნებული ხარ, რომ ასე უნდა? - ვკითხე დაეჭვებით.

- რას გულისხმობ? სწრაფად, ხელი დამეღალა.

- ანუ, რამე უკუშედეგი არ ექნება? ან შენ ხელი არ გეტკინება როცა ტყვია მოხვდება, ან ხე არ აისხლიტავს?

დიმამ გაიცინა.

- ისროლე რა სწრაფად.

კურდღელი ისევ მიყურებდა. თვალები დავხუჭე და ისე ვისროლე. აცდა.

დიმამ ამოიხვნეშა და ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო.

- მიყურე და ისწავლე.

კურდღელი ხეს მიაბჯინა და დანა კარგა ხანი ატრიალა ხელში.

- მინდა, რომ ერთი დარტყმით მოვკლა. რომ არ იწვალოს - მითხრა დიმამ და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

- წარმოიდგინე, რომ რაღაც ნივთია - ვუთხარი სწრაფად - ვითომ სათამაშოა ბატარეით.

- ხო ვცდილობ!

- დაიკიდე რა. ვნადირობთ ხო? ყველა ასე არ აკეთებს? - ვიკითხე დაეჭვებით.

- ორი წამის წინ ვინ ააცილა?! - დამიღრიალა დიმამ და იმწამსვე დახუჭა თვალები და შეეცადა დაწყნარებულიყო - სერგი დამაცადე ორი წუთით რა. ვაბშე ხმა არ ამოიღო და არანაირი კომენტარი არ გააკეთო!

პირი დავაღე, მაგრამ გადავიფიქრე.

დიმამ ღრმად ჩაისუნთქა, კურდღელს მთელი ძალით ჩაარჭო ყელში დანა და იმწამსვე ზიზღით გაუშვა ხელი. სისხლმა იფეთქა და კურდღელი ნელ-ნელა წითლად შეიღება. დანაჩარჭობილი, მიწაზე დაენარცხა და უცნაურად ტოკავდა.

- რატომ არ კვდება?!! - დავიღრიალე.

დიმამ თოფი ესროლა და კურღელმა, როგორც იქნა, სული განუტევა.

დიმა, როგორც ჩემზე გამოცდილი მონადირე, კურდღელს მიუახლოვდა და რადგან არაფერი გვქონდა, რითიც წამოვიღებდით, ისევ ყურებში მოკიდა ხელი. მეორეთი დანა აიღო, ბალახზე გაწმინდა და ჯიბეში შეინახა.

სახლში მოვდიოდით. კურდღელი წვეთავდა. რამდენიმე წვეთი ახალ ფეხსაცმელზე დამეცა. დავიჭყანე და შევეცადე, ფოთლით მომეწმინდა, მაგრამ არ გამომივიდა.

წამოდგომისას დიმას შევეჯახე და ნანადირევი ხელიდან გაუვარდა. ერთმანეთს გადავხედეთ.

- შენი ჯერია - მითხრა დიმამ.

ამრეზილი სახით დავიხარე, კურდღელს ორი თითი მოვკიდე ყურებში და შევეცადე ამეწია, მაგრამ მალევე ტყლაპანით დამივარდა უკან.

- იმენა კვერცხი ხარ რა - კვბილებში გამოსცრა დიმამ, კურდღელი თავით აწია და გზა გააგრძელა.

- მომე აქ! - დავუძახე და კურდღლის ხელიდან გამოგლეჯა ვცადე.

კურდღელი ისევ მიწაზე დაეტყლაპა.

კარგა ხანი ვუყურებდით ნანადირევს.

- დავიტანჯეთ და ეს კურდღელიც დავტანჯეთ - თქვა დიმამ.

- არადა რა ხალისით გადამირბინა ფეხზე - ვთქვი მე.

- საყვარელი კია - თქვა სევდიანი ხმით.

გაკვირვებულმა ავხედე და შემდეგ ისევ გასისხლიანებულ, ყელგამოღადრულ კურდღელს დავხედე.

- უფრო სწორად, იყო... - შეასწორა დიმამ.

ელ. ბიულეტენის გამოწერა
პარტნიორები