სიახლეები
ნანა აბულაძე - „ცვლილება დღის წესრიგში“
2018 წლის 11-22 ნოემბერს შემოქმედებითი წერის საერთაშორისო ბანაკში „დაწერე სომხეთში" საქართველოს ოთხი ახალგაზრდა მწერალი გვანცა გუბელაძე, მართა ურუშაძე, ნანა აბულაძე და ანა დარსაველიძე წარადგენს. პროექტის ორგანიზატორია ლიტერატურული ფონდი „ARI“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სომხეთში. საერთაშორისო ბანაკის ქართველი მენტორი იქნება დათო ტურაშვილი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პროექტის პარტნიორია საქართველოდან. წარმოგიდგენთ, ერთ-ერთი გამარჯვებულის, ნანა აბულაძის საკონკურსო ტექსტს:
პარასკევობით ანდროს განრიგი ასეთია: 6 სთ-სა და 35 წთ-ზე ანდრო იღვიძებს და საუზმობს (სვამს უშაქრო ყავას, მიირთმევს შვრიის ფაფას ბანანსა და ვაშლთან ერთად); 6 სთ-სა და 47 წთ-ზე სარბენად გადის. შინ 7 სთ-სა და 47 წთ-ზე ბრუნდება, იღებს შხაპს და 8 სთ-სა და 28 წთ-ზე უკვე სამსახურშია.
სამსახურში მისული 9 სთ-სა და 25 წთ-მდე წინა დღის საბუთებს გადაავლებს თვალს, ხოლო 9 სთ-სა და 35-წთ-ზე, როგორც გენერალური დირექტორი, განყოფილებების მენეჯერებისგან კვირის ანგარიშს იბარებს. 10 სთ-სა და 54 წთ-ზე მდივანს ანდროსთვის ნალექიანი ყავა შემოაქვს, 10 სთ-სა და 57 წთ-ზე კი იწყება შეხვედრების სერია უცხოელ ინვესტორებთან.
შესვენებაზე ანდრო 13 სთ-სა და 53 წთ-ზე გადის, 14 სთ-სა და 17 წთ-ზე კვლავ სამუშაოს უბრუნდება: მოლაპარაკებები, ანგარიშები, სატელეფონო ზარები, მიმოწერა... 18 სთ-სა და 58 წთ-ზე ანდრო ოფისს ტოვებს და შინ მიდის. ვახშმობს ოჯახთან ერთად, უყურებს საყვარელ სატელევიზიო გადაცემას. 21 სთ-სა და 47 წთ-ზე, ჩვეულებრივ, იძინებს.
ყველაფერი მშვენივრადაა: გაყიდვები იმატებს, კომპანია იზრდება.
ამ პარასკევს კი, რაკი ბევრი საქმე აქვს, ანდრო განიზრახავს, სამსახურში 17 წუთით ადრე გამოცხადდეს, ამიტომ ხუთშაბათს 21 სთ-სა და 30 წთ-ზე წვება დასაძინებლად. ჩაძინებისთანავე სიზმარს ხედავს. სიზმარი ისეთი ტკბილია, ანდროს გამოღვიძება აღარ უნდა. და აღარც იღვიძებს. ამის გამო პარასკევ დილას, 6 სთსა და 15 წთ-ზე მაღვიძარას წკრიალი მის ცოლს უფრთხობს ძილს. ცოლი ჯერ უხმობს ანდროს, მერე ნაზად ეხება მკლავზე და აჟრჟოლებს, ამჩნევს რა, რომ მისი ქმარი პირველი თოვლივით თეთრი და ცივია. ცოლს ისტერიკა ემართება, სასწრაფოს იძახებს. 6 სთ-სა და 25 წთ-ზე სასწრაფო სიკვდილის სავარაუდო მიზეზად გულის შეტევას ადგენს.
6 სთ-სა და 30 წთ-ზე ანდროს ცოლი ანდროს ძმას ურეკავს, რომელიც 6 სთ-სა და 47 წთ-ზე მოდის. ანდროს დროებით ტახტზე გადაასვენებენ.
8 სთ-სა და 8 წთ-ზე ძმას მებალზამე მოჰყავს. მებალზამე ცხედარს აპატიოსნებს, ანდროს მდივანი კი პირველად იეჭვებს, რომ უფროსის დღის წესრიგში ცვლილებაა.
8 სთ-სა და 58 წთ-ზე მებალზამე მიდის. მდივანს ეჭვი უმძაფრდება და უფროსს ურეკავს. ყურმილს ცოლი იღებს, ტირილ-ტირილით უხსნის ყველაფერს. სამი წუთის განმავლობაში მდივანი ელდანაცემი ზის, 9 სთ-სა და 3 წთ-ზე გადის და ცვლილების შესახებ დანარჩენ თანამშრომლებს ატყობინებს. კომპანიაში ზოგადი დაბნეულობა ისადგურებს: ვერავის გაუგია, რამ მოკლა 35 წლის კაცი, რომელსაც წარმატებული კარიერა ჰქონდა, მოსიყვარულე ოჯახი ჰყავდა და რომელიც ყოველ დილას დარბოდა...
მათ არ იციან, რომ ეს კაცი, უკვე მრავალი წელია, გულისგულში ნატრობდა, ენახა ისეთი ტკბილი სიზმარი, რომლიდანაც გამოღვიძებას აღარ მოისურვებდა. სანუკვარი ოცნებები კი ოდესმე მაინც ხდება...