საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2018

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში ტრადიციად დამკვიდრდა დეკემბრის ბოლოს წიგნის საახალწლო ფესტივალის ჩატარება.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. 

სამ დღიანი მასშტაბური პროგრამის ფარგლებში წიგნის საახალწლო ფესტივალი თავს უყრის წიგნთან, ლიტერატურასთან და სამწერლო/საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფაქტობრივად ყველა სახის აქტივობას; დაწყებული გამომცემელთა მიერ ახალი წიგნებისა და ავტორების წარდგინებებით და მკითხველების მწერლებთან შეხვედრა/დისკუსიებით, დამთავრებული ლიტერატურული დაჯილდოვებებით, პროფესიული სემინარებითა და კონფერენციებით. ფესტივალზე ყოველწლიურად ეწყობა საბავშვო კუთხე და იგეგმება გასართობი პროგრამა ბავშვებისათვის.

2018 წლის წიგნის საახალწლო 3-დღიანი ფესტივალი 21-23 დეკემბერს, ტრადიციულად, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე მეხუთედ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გახლდათ.

წიგნის ფესტივალის გახსნის დღეს ასოციაციამ პრიზებიც გასცა. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ, და პოეტმა და ზუგდიდის ლიტერატურისა და ხელოვნების ფესტივალის ერთერთმა დამფუძნებელმა, ნიკა ლაშხიამ, ჯილდო ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მიიღეს.

ბესტელერი ქართველი ავტორი - თემურ ბაბლუანი წიგნისთვის „მზე, მთვარე და პურის ყანა“ გახდა (2018).

ბესტსელერი საბავშვო წიგნი გახდა - ლევ ტოლსტოის საუკეთესო მოთხრობები, გამომცემლობა „პალიტრა L“, მთარგმნელი თამრი ფხაკაძე (2018).

ბესტსელერი დოკუმენტური პროზა - როინ მეტრეველი „თამარ მეფე“ (2018).

ბესტელერი ქართულად თარგმნილი წიგნი 2018 - ჟოზე სარამაგუს „კაენი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი მიხეილ ანთაძე (2018).

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის მედიაპარტნიორები იყვნენ „ტაბულა“ და „პალიტრა მედია“.

 

პარტნიორები