საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2019

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 1-ელ თებერვალს, უკვე მეოთხედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია "Litworld".

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ოფიციალურად გაიხსნება 1-ელ თებერვალს, 11:00 საათზე გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში და მიეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 60 წლის თავს და „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 100 წლის იუბილეს, ხოლო 3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ტრადიციულად, უკვე მეოთხედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი.

ასოციაციის ორგანიზებით, გასული წლების მსგავსად 2019 წელსაც, 1-დან 3 თებერვლამდე საქართველოში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე იგეგმება.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ საერთაშორისო ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.

ასევე, მნიშვნელოვანია ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური და რეგიონული მასშტაბით ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის კითხვის დღე საქართველოში წიგნთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აგრძელებს ტრადიციას და წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც ღიაა კერძო ინიციატივების მისაღებად. თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება დამოუკიდებლად მოიფიქროს ორიგინალური ფორმატი და ასოციაციის ქოლგის ქვეშ შეუერთდეს, ჩვენს ქვეყანაში ამ დღის აღნიშვნის ინიციატივას. მოგვაწოდეთ ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

იმისთვის, რომ თქვენ მიერ ატვირთული ფოტოები ჩვენს ფეისბუქ გვერდზე გაზიარდეს, გთხოვთ, პოსტში შემდეგი ფორმით მონიშნოთ ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და პროექტის ფეისბუქ გვერდი:

GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia

ხოლო თუ გსურთ ღონისძიების მთავარმა ორგანიზატორმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა LitWorld-მაც გაიგოს საქართველოდან თქვენი ინიციატივის შესახებ, მაშინ კიდევ ორი მონიშვნაც დაამატეთ:
‪#‎WorldReadAloudDay‬‬
#WRAD19

შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში.

იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

 

ფოტო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები