განხორციელებული პროექტები
საქართველო - საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018
საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი - საგამომცემლო პროგრამა
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს საგამომცემლო პროგრამას ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პროფესიონალთა გუნდმა გაუწია.
საგამომცემლო პროგრამა მოიცავდა 3 ეროვნულ სტენდსა და საპატიო სტუმრის პავილიონის მცირე სცენას.
საქართველოს ეროვნული სდენტი (180 კვ. მ.) – მდებარეობდა 5.0 ჰოლში (B100). საქართველოს ეროვნულ სტენდს, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად ეწყობა წიგნის ბაზრობაზე, საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა და სტატუსი ენიჭება. სტენდი წიგნების საგამოფენო და ბიზნეს შეხვედრების სივრცეს სთავაზობდა 40-მდე ქართულ გამომცემლობას. ბაზრობის სამი სამუშაო დღის განმავლობაში სტენდზე გაიმართა ბიზნეს საუზმეები და ბიზნეს ლანჩები. ეროვნული სტენდის სცენა - საპატიო სტუმრის საგამომცემლო პროგრამის მთავარი პლატფორმა, ოთხი დღის განმავლობაში დაეთმო ღონისძიებებს გამომცემლების, ქართველი და უცხოელი ავტორებისა და ლიტერატორების მონაწილეობით.
ქართული სტენდი ARTS+ სივრცეში (28 კვ. მ.) მდებარეობდა 4.1 ჰოლში (Q67). არტისა და დიზაინის პავილიონში განთავსებული ქართული სტენდი ემსახურება საქართველოს პოტენციალის გამოვლენას ხელოვნების სფეროსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში. სტენდზე გამოყოფილი იყო სამი სხვადასხვა სივრცე. საგამოფენო სივრცეში ვიზიტორი ნახავდა ინფორმაციას ქართულ წიგნებს ხელოვნებისა და დიზაინის შსახებ, ფოტო-წიგნებს, არტ-წიგნებს და სხვა.
მეორე სივრცეში წარმოდგენილი იყო მუდმივი ინსტალაცია, ინოვაციური არტ-პროექტი Oraculum 0.1 (მოლაპარაკე ავატარები). პროექტის ავტორები იყვნენ ზურა ჯიშკარიანი და სანდრო ასათიანი. ხელოვნური ინტელექტის მქონე სამი ავატარი სამ ეკრანზე იყო წარმოდგენილი. თითოეული მათგანი პერსონაჟია, ორიგინალური გარეგნობით და ხასიათის შტრიხებით. ავატარებს ჰქნდათ სქესისა და ასაკის ამოცნობის ფუნქცია და მეტყველების უნარი - ისინი საუბრობდნენ ლიტერატურის ენით. ავატარები ემოციებისა და ალგორითმების ინტერაქციას წარმოადგენდნენ.
მესამე სივრცე იყო საერთო სტენდი კორპორაცია მონოტაიპთან. ამ ინტერაქციულ სტენდზე ვიზიტორები ეცნობოდნენ ქართულ ანბანსა და მონოტაიპის მიერ შექმნილ შრიფტებს. ეს თანამშრომლობა ქართული კულტურის უნიკალური ელემენტის - დამწერლობის წარმოჩენას ემსახურებოდა. სტენდზე ქართველმა კალიგრაფისტმა ვიზიტორებს წარუდგენა ქართული დამწერლობ, დაეხმარა მათ ქართული ანბანის წერაში და სამახსოვრო ბარათებიც შექმნა მათთვის. სპეციალური პრინტერი ვიზიტორებისთვის სამახსოვროდ მომენტალურად ბეჭდავდა საფოსტო ბარათები ქართული დამწერლობით.
კიდევ ერთი მუდმივი ინსტალაცია ARTS+ პავილიონში იყო ჩეთბოტების წარდგენა „მოლაპარაკე ავატარების“ ავტორების მიერ. ისინი ეკრანებისა და კლავიატურის გამოყენებით საშუალებას აძლევდნენ ვიზიტორებს, ესაუბრათ მათ მიერ შექმნილ ჩეთბოტებთან და ასევე გაეცნოთ ჩეთბოტის აგების პროცესს.
ქართული საბავშვო ლიტერატურის სტენდი (24 კვ. მ.) – მდებარეობდა 3.0 ჰოლში (F152).
სტენდის სივრცე დაეთმო საბავშვო ლიტერატურას. სტენდზე გამოიფინა ქართველი გამომცემლობების საბავშვო წიგნები და ქართველი არტისტების მიერ შესრულებული ილუსტრაციები. პატარა სტუმრებისთვის სტენდზე ხელმისაწვდომი იყო ციფრული თამაშები და აპლიკაციები.
50-მდე ქართული საბავშვო წიგნი ასევე გამოიფინა ბაზრობის სპეციალურ სივრცეში - ფრანკფურტის საბავშვო ფოიეში (U56 A1). ფოიეში განთავსებულ LED ეკრანზე სხვა ილუსტრაციებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართველი არტისტების ნამუშევრები.
საგამომცემლო პროგრამის არანაკლებ მნიშნელოვანი ნაწილი - 16 ღონისძიება, რომლებზეც წარვადგინეთ ქართული პოეზია, არტ წიგნები და დოკუმენტური პროზა, ჩავატარეთ საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მცირე სცენაზე. უდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდნენ ქართველ ავტორებს და ხელოვანებს და დასწრებოდნენ მათ მიერ პროექტების წარდგენას.
ქართული საგამომცემლო პროგრამის ნაწილი იყო თანამედროვე და კლასიკური ქართული საბავშვო ლიტერატურის წარდგენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბავშვო სცენაზე. თავად ავტორები და მოდერატორები მოუთხრობდნენ აუდიტორიას წიგნების შესახებ, წარუდგინეს ილუსტრაციები და ისაუბრეს ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე.