საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

სიახლეები

საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2017

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ტრადიციულად ეროვნული სტენდით წარსდგა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 11-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებები - "ლიტერატურული მარათონი" თანამედროვე ქართველი ავტორების მონაწილეობით (ზურაბ ქარუმიძე, ნესტან (ნენე) კვინიკაძე, ბექა ადამაშვილი, სალომე ბენიძე და ლაშა ბუღაძე), კლასიკური ქართული ლიტერატურის გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაცია (ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებული და გრიგოლ რობაქიძის "კავკასიური ნოველები"), სხვადასხვა ტიპის პანელ დისკუსიები, ასევე სხვადასხვა პლატფორმაზე ქართველი გამომცემლების წარდგინებები, ბიზნეს შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან.

2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წარადგინა განახლებული კონცეფციით შექმნილი კატალოგი, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ქართული საგამომცემლო სექტორის თანამედროვე ტენდენციებისა და ბაზარზე არსებული საგამომცემლო სახლების საქმიანობისა, ასევე გამომცემელთა ასოციაციის საქმიანობის შესახებ.  

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგინა საქართველო, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა. გაიმართა პირველი პრესკონფერენცია, სადაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა წამყვან ევროპულ მედია-საშუალებებთან პროექტის მნიშვნელობასა და დაგეგმილ კულტურულ პროგრამაზე ისაუბრეს, წარადგინეს პროექტის კონცეფცია და ძირითადი გზავნილები, ოფიციალურ ვებგვერდი, ანიმაციური ვიდეო-რგოლი და ლიტერატურული პროგრამა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის დასასრულს, კი საქართველოს საფრანგეთმა ოფიციალურად გადასცა  2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. ოფიციალური ცერემონიალი ბაზრობის ბოლო დღეს, 15 ოქტომბერს გაიმართა.

2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამის მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კონრად ადენაუერის ფონდი, კომპანია Weinland Georgien, ღვინო „ბუნებური“.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse) ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენას.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ღონისძიებას პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ბიზნეს ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორ დღეს ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.

ბაზრობა 5 დღის მანძილზე მიმდინარეობს; 100-მდე ქვეყნის 7000-ზე მეტ მონაწილეს საშუალება ეძლევა შეხვდნენ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებს, დაამყარონ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები. ყოველწლიურად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაახლოებით 9000-მდე საერთაშორსო აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ შუქდება.

ფოტო გალერეა
მსგავსი სიახლეები
პარტნიორები